29 დეკემბერს, დილის 04:24 საათზე ნათია ახალაშვილმა 112-ში დარეკა. მისი ფანჯრიდან კარგად მოჩანდა როგორ ამოდიოდა შავი კვამლი ქავთარაძის ბაზრობის შუაგულიდან. იმ ღამით ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს, თუმცა ორი კვირის შემდეგ, 14 იანვარს, ხანძარი ისევ გაჩნდა და მაღაზია დაიწვა. დამწვარი მაღაზიიდან ავტოგასამართ სადგურებამდე 20-30 ნაბიჯი იქნება.
“გუშინ ღამით გადავრჩით... [ეს] ქვეყანა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“, - დაწერა მაშინ ნათიამ ფეისბუკზე და საკუთარი აივნიდან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
ნათიას კორპუსი პირდაპირ გადაჰყურებს ე.წ. ქავთარაძის ბაზრობას, სადაც საღებავები, ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ადვილად აალებადი ათასი წვრილმანი იყიდება.
ეს ბაზრობა ესაზღვრება ორ ბენზინგასამართ და ერთ გაზგასამართ სადგურს. იქვე, დაახლოებით ათ ნაბიჯში, უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი დგას. 16 წლის წინ, როცა ნათიამ “შანხაის დასახლებაში”სახლი იყიდა, მას და მის მეუღლეს იმედი ჰქონდათ, რომ ბაზრობას მალევე გადაიტანდნენ. 16 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მეტიც, სამი-ოთხი წლის წინ იქ კიდევ ერთი გაზგასამართი სადგური ამოიზარდა.
ვენი ყველა დღე შიშით თენდება. მე, ჩემს მეგობრებს, მეზობლებს, ყველას გვგონია, რომ ეს ბაზრობა თავისი ავტოგასამართი სადგურებით და ზედ დადგმული უზარმაზარი კორპუსებით დიდი ბომბია. შეიძლება ჩვენი შიში გადაჭარბებულია, მაგრამ როგორ უნდა ვიყოთ მშვიდად ამ სურათის შემყურე?!“- ამბობს ნათია ახალაშვილი, რომელიც ყველაფერთან ერთად იმაზეც დარდობს თუ რა ზიანი ადგება მის შვილებს, როცა დრო და დრო ბაზრობაზე ტოქსიკური ნივთიერებები იწვის. ორშვილიან ოჯახს აქვს განცდა, რომ ქალაქთან ბრძოლაში დამარცხდა და ქალაქგარეთ გადასახლებას ცდილობს.
ქავთარაძის ბაზრობა მხოლოდ ერთი მაგალითია. იგივე ხდება, მაგალითად, ელიავას ბაზრობის გარშემოც: კორპუსები, ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, თხევადი გაზის სატუმბი სადგურები. ასევე გლდანშიც - ისევ კორპუსები, ისევ ბენზინ და გაზგასამართი სადგურები. ასეთი ნაღმები თბილისში კიდევ ბევრ ადგილას არის დაფლული.
ბევრი კითხვა არსებობს:
- ვინ და რამდენად პატიოსნად ამოწმებს ავტოგასამართ სადგურებს?
- რა სჭირდება ბენზინგასამართი სადგურის აშენებას?
- ისევ შენდება ახალი სადგურები?
- დაცულია კანონით დადგენილი პროცედურები?
- რამდენი ავტოგასამართი სჭირდება თბილისს? და ა.შ. და ა.შ.
ამ კითხვებიდან მხოლოდ ნაწილზე გვაქვს მკაფიო პასუხი.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ერთი შეხედვით, ისეთი მარტივი მონაცემით, როგორიც არის თბილისში ბენზინ და გაზგასამართი სადგურების საერთო რაოდენობა.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით თბილისში აღრიცხულია:
- 272 ბენზინგასამართი და
- 152 გაზგასამართი სადგური
მაგრამ შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, რომ , ეს არ არის სრული სია და გვირჩიეს ზუსტი მონაცემები საჯარო რეესტრიდან მიგვეღო. საჯარო რეესტრიდან ჩენს წერილზე პასუხს ისევ ველით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთ-ერთია იმ უწყებებიდან, რომლის დასკვნაც საჭიროა იმისთვის, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურმა ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურის აშენების ნებართვა გასცეს.
„ყველა ობიექტს სხვა და სხვა გარემოებიდან გამომდინარე სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ყველა დეტალი გაწერილია საქართველოს მთავრობის 50 და 52 დადგენილებებში“ - ისე გვიპასუხა უწყებამ, რომ მაინც არ დააზუსტა კონკრეტულად რა მანძილით უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული ბენზინგასამართი სადგურები.
რადიო თავისუფლებას ასევე აინტერესებდა, ხედავს თუ არა სახელმწიფო საფრთხეს კონკრეტულად ე.წ. ქავთარაძის ან ელიავას ბაზრობებთან ახლოს, ბენზინ და გაზგასამართი სადგურების არსებობაში.
აქაც მოგვწერეს, რომ რომ ცალსახად პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთულია - გააჩნია შენობას და მის ფუნქციურ დანიშნულებასო. ასევე იმას, რეზერვუარები მიწის ზემოთ არის თუ მიწაშიო.
„ზოგადად ბაზრობები ... განიხილება როგორც მასობრივი თავშეყრის ადგილები, შესაბამისად არსებული მანძილი ასეთი ტიპის ობიექტებამდე ორმაგდება“, - მოგვწერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
რადგან სულ ბოლო ხანძარი ქავთარაძის ბაზრობაზე გაჩნდა, რადიო თავისუფლება სწორედ მის მიმდებარედ არსებული ბენზინ და გაზგასამართი სადგურების ნებართვებით დაინტერესდა - როდის, ვის მიერ და რა ვითარეში აშენდა იქ ერთმანეთის მიყოლებით„ვისოლის“, „რომპეტროლის“ ბენზინ და „ნეოგაზის“ გაზგასამართი სადგურები.
ამ ავტოგასამართი სადგურების ნებართვები „იმდენად ძველია, რომ არქიტექტურის ელ.ბაზაში არ იძებნება და არქივშია მოსაძებნი“ - გვიპასუხეს მერიაში.
თუმცა „ნეოგაზი“, როგორც იქვე მცხოვრები ნათია ახალაშვილი ამბობს, სულ რამდენიმე წელია აშენდა.
რა პროცედურაა საჭირო ავტოგასამართი სადგურის ასაშენებლად?
თბილისში მსგავსი ობიექტების მშენებლობის ნებართვას დედაქალაქის არქიტექტურის სამსახური გასცემს. თუმცა სანამ ნებართვა გაიცემა, მანამდე უნდა მომზადდეს პროექტი რომელშიც დეტალურად უნდა ჩანდეს როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, როგორი შენობა აიგება, როგორი იქნება წყალმომარაგება და კანალიზაცია, ჩამიწების წესები და სხვა ყველა დეტალი, რაც სადგურის გამართვისთვის არის აუცილებელი.
კიდევ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ, რომელშიც ცალკე, 78 პუნქტიანი ქვეთავი ეძღვნება ავტოგასამართი კომპლექსების სახანძრო უსაფრთხოებას. და ესეც არ არის ყველაფერი.
აი კიდევ რა ინსტანციების თანხმობაა საჭირო: :
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფასებს ჰაერის დაბინძურების საფრთხეებს;
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი- შესასვლელ-გამოსასვლელი გზის მოწყობის უსაფრთხოებას ;
- მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური- შესასვლელ-გამოსასვლელი გზის მოწყობის სისწორეს;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სწავლობს საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული და დაცულია თუ არა უსაფრთხოების სტანდარტები
ეს ჩამონათვალი აქ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ უფრო ნათელი გახდეს, თუ რამდენი სტანდარტის დაცვა და საფეხურის გავლაა საჭირო თბილისში ერთი ავტოგასამართი სადგურის ასაშენებლად.
მაგრამ ამდენი რეგულაციის არსებობა ხდის თუ არა მათ დაცვას შესალებელს? აკონტროლებს კი შესაბამისი უწყება ყველა დეტალს? ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მფლობელი კომპანია ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-დან წერილობით გვიპასუხეს, რომ მათი რომ მათ ავტოგასამართ სადგურებს პერიოდულად ამოწმებს
(1) შინაგან საქმეთა, (2)ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, (3) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, (4) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დეპატრამენტები, ასევე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ერთ-ერთისამმართველო.
“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”-სინფორმაციით, მათ ავტოგასამართ სადგურებზე არასდროს მომხდარა ხანძარი ან აფეთქება.
მეორე კვირაა რაც რადიო თავისუფლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელის ინფორმაციას ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისში ბენზინ და გაზ გასამართ სადგურებზე მომხდარი ხანძრების ან აალების შემთხვევების რაოდენობის შესახებ.
***
ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების უსაფრთხოების წესები ადგენს მინიმალურ მანძილებს ავტოგასამართ კომპლექსსა და სხვა ობიექტებს შორის.
აი, მაგალითად,
- მოედნიდან, ხიდიდან, სკვერიდან, პარკიდან და ბაღიდან დაშორება უნდა იყოს 25/50 მეტრი;
- ტყიდან და ტყეპარკიდან - 25/40 მეტრი;
- დასახლებული პუნქტების საავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან 3/15 მეტრი;
- ავტომაგისტრალიდან (სავალი ნაწილის კიდემდე)- 12/15 მეტრი
- ადვილადაალებადი მასალების და წვადი ნივთიერებების შესანახი საწყობებიდან დაშორება უნდა იყოს 25-30 მეტრი;
- თავად ავტოგასამართ სადგურამდე 40/80 მეტრი.
უცხოეთში ბენზინგასამართი სადგურები ხშირად საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეა გამართული - ერთი პირობით - დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები - ამბობს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია. მისი აზრით, თბილისში პრობლემა ის არის, რომ ეს სადგურები ერთმანეთის მიჯრითაა აშენებული.
„დათვლილია თუ არა რომელ უბანს რა რაოდენობის ბენზინგასამართი სჭირდება? აქცევენ ამას ყურადღებას? რაც ერთი შეხედვით ჩანს, ის არის, რომ აქ სადგურები კონკურენციის პრინციპით არის ჩალაგებული", - ამბობს ირაკლი ჟვანია, რომელსაც კითხვები მეტი აქვს, ვიდრე პასუხები.
არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, დავით აბულაძე მიიჩნევს, რომ ბენზინგასამარტი სადგურები არ უნდა არსებობდეს ისეთ კვანძებში, როგორიც არის მაგალითად, გმირთა მოედანი.
„იგივე ქავთარაძის თუ ელიავას ბაზრობები არის მაღალი თავშყრის ადგილები, სადაც ბევრი ხალხი, ბევრი მანქანა, ბევრი აალებადი პროდუქციაა ერთად თავმოყრილი. ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული მაგრამ, ფაქტია, რომ არ არის“.
***
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ლაშა სიხარულიძე ამბობს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თბილისში ერთმანეთის გვერდით, ქაოსურად და ნორმების დაცვის გარეშე შენდებოდა და შენდება:
- უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსები,
- მათ გარშემო ბენზინ და გაზგასამაერთი სადგურები
- და სპონტანურად გაჩენილი ბაზრობები.
„აი, ეს ტერიტორიაც, სადაც ახლა ვდგავართ, ე.წ. ქავთარაძის ბაზრობა არის ამის კლასიკური მაგალითი, - გვეუბნება ლაშა სიხარულიძე, - ერთმანეთისგან 5-10 მეტრით დაშორებული რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, მათ უკან კი ბაზრობა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იწვება. და ამ ამბავში, თუნდაც კანონით დადგენილი მანძილის დაცვის იმედად ყოფნაც არ შეიძლება“, - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გულისხმობს იმას, რომ თუ ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, ქავთარაძის ქუჩის მსგავსად, ასე ახლოსაა ხანძრის გაჩენის აზრით საშიშ ადგილებთან, იქ ნაპერწკალიც საკმარისი იმისათვის, რომ მასშტაბური ხანძარი გაჩნდეს.
მერიაშიც ამბობენ, რომ #41 დადგენილებამ, გაამკაცრა ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობის ნებართვების გაცემა, თუმცა ეს ცვლილებები მხოლოდ მომავალში საფრთხის თავიდან აცილებას თუ შეუწყობს ხელს.
„ერთი, რაც შეიძლება დღეს გაკეთდეს უსაფრთხოების მხრივ, ეს ასეთი ობიექტების მუდმივი მკაცრი კონტროლია სახელმწიფოს მიერ“, - უთხრა ლაშა სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას. მისი აზრით, მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ სახელმწიფოს ვერ გახდა სისტემური. ინსპექტირების მექანიზმები კი ძალიან სუსტია - სიმბოლურ ჯარიმასკომპანიები ადვილად იხდიან.
***
„თუ ტელევიზორში მოვისმენ, რომ სადმე გაზმა გაჟონა ან სადმე რამე აფეთქდა, იმ ღამით არ მძინავს. “, - გვეუბნება ელიავას ბაზრობის მიმდებარედ მდგარ კორპუსში მცხოვრები მეგი კავთუაშვილიც.
მისი ფანჯრიდანაც ხედი ძალიან ჰგავს ნათიას ხედს - სამი ბენზინგასამართით და ორი გაზგასამართი სადგურით გარშემორტყმული კორპუსი, წინ ელიავას ბაზრობა.
„ჩვენი ეზო ჩერნობილს ჰგავს, კადრებს გაშავთეთრებაც არ სჭირდება. ბავშვები ეზოში, ბეტონის ნანგრევებში თამაშობენ, ფანჯარას რომ ვაღებთ, ისეთი მტვერი შემოდის, რომ სახლის დალაგება გამორიცხულია. და გარშემო გვაკრავს ეს ავტოგასამართი სადგურები. მინდა ეს სახლი გავყიდო, მაგრამ არც იყიდება. თუმცა ვიცი, ეს არ არის გამოსავალი, მხოლოდ ჩემი საცხოვრებელი არ დგას ნაღმებზე. ამიტომ სულ გაქცევაზე ვფიქრობ“.