სალომე ასათიანის პოდკასტი
“ახლა ჩემს წინაშეა თქვენი ატომები, სინათლე. ფოტო რომ გადაგიღოთ, გახდებით მელანი ქაღალდზე. მაგრამ ეს თქვენ იქნებით, და არა თქვენი სიმბოლური სახე. ესაა ის ფილოსოფიური საკითხი, რომელიც ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია. ეს ფოტო არ იქნება თქვენი რეპრეზენტაცია“ - ასეთი, თითქოს უცნაური ფრაზა მითხრა მექსიკელმა კინორეჟისორმა, კარლოს რეიგადასმა, ინტერვიუს ჩაწერის დროს. ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი, კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი, რეჟისორი, რომელსაც „მექსიკური კინოს ერთკაციან მესამე ტალღასაც“ კი უწოდებენ, გასული წლის დეკემბერში იყო თბილისის კინოფესტივალის საპატიო სტუმარი და რადიოშიც გვესტუმრა.
თუმცა, როგორც მასთან თითქმის ერთსაათიან საუბარში მივხვდი, სწორედ ეს ფრაზა გამოხატავს მისი კინოს მთელ ხიბლს, ინდივიდუალურობას და, თუ გნებავთ, ფილოსოფიასაც. იმ განსაკუთრებულ იდუმალებას, რომელსაც კინოკრიტიკოსები ხან „ტრანსცენდენტულ“, ხან „სულიერ“, ხან კიდევ „ნელ“ კინოს უწოდებენ. რეიგადასის ფილმებში ყოფით სცენებს და სახეებს ხშირად აქვს რაღაც არააქაური, მიღმური, მეტაფიზიკური განზომილება - რომელსაც ინტუიციით შევიგრძნობთ, თუმცა სიტყვებით ვერ აღვწერთ ხოლმე. თავად რეჟისორი კი ჯიუტად გვიმეორებს, რომ ეს „მეტაფიზიკური“ ენერგია ჩვენს გარშემოა, ახლოსაა, ძალიან ფიზიკურია და კინოკამერას მისი დაფიქსირების უნიკალური შესაძლებლობა აქვს. „ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ უყურეთ და დაინახეთ“ - იმეორებს ის.
მაგრამ კამერას წაართვეს იმის შესაძლებლობა, რომ ხედავდეს - ამტკიცებს რეიგადასი. „გვიანდელი 1950-იანი წლებიდან საავტორო კინო და მისი შემქმნელები სტრუქტურალისტურმა მიდგომამ, განსჯამ მოიცვა. რეჟისორები მუდმივად მნიშვნელობებაზე ფიქრობენ - იმაზე, თუ რას ნიშნავს, რას გამოხატავს ესა თუ ის რაღაც. კინო გადაიქცა კონცეფციებად, სიმბოლოებად. და იდუმალებაც დაიკარგა. ამ ყველაფერმა კინოს დიდი ზიანი მიაყენა, ის ძალიან ინტელექტუალური გახადა“ - ამბობს ის.
როცა ჩავეკითხე, მაინც რას გულისხმობთ მეთქი, სხვა სიტყვებით სცადა თავისი პოზიციის ახსნა: „ყველას მოგვწონს ახლად დათოვლილი მთების ყურება, ხომ ასეა? და როცა ამ მთებს ვუყურებთ, ამ დროს რაიმე მნიშვნელობას ხომ არ ვქმნით? ასევეა, როცა ვიღაცას ვეფერებით, ვკოცნით ადამიანს, რომელიც გვიყვარს, შევიგრძნობთ მის სხეულს, მის სულს, მის სუნთქვას. აქედან რაიმე მნიშვნელობის შექმნა არ გვჭირდება. ცხადია, ამ გამოცდილებებსაც აქვს ფილოსოფიური განზომილებაც და მნიშვნელობაც, კრიტიკულიც და პოლიტიკურიც. მაგრამ ეს მნიშვნელობა თავისთავად, ბუნებრივად შეიქმნება, ყოფნით, არსებობით სიამოვნების მიღებასთან ერთად“.
ამ „თავისთავად შექმნილ“ მნიშვნელობებზე ბევრი ვილაპარაკეთ ინტერვიუს მეორე ნაწილში. ვილაპარაკეთ ბავშვების, თუ ბავშვობის მნიშვნელობაზე მისი კინოსთვის - მშვიდი, უმანკო, ცნობისმოყვარე ბავშვების, რომლებიც ხშირად ქმნიან კონტრასტს შფოთით, დაუკმაყოფილებლობით, დეპრესიით, რაღაცის მტკივნეული ნაკლებობით შეპყრობილ ზრდასრულებთან. ვილაპარაკეთ საკუთრივ ამ ზრდასრულებზეც - როგორც წესი, საშუალო და მაღალი სოციალური კლასების, ქალაქელ მექსიკელებზე, რომლებსაც თითქოს ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც უბედურები არიან და „რაღაც განსხვავებულის“ ძიებაში სოფლებს, შორეულ ადგილებს მიაშურებენ ხოლმე.
ასათიანის კუთხე
ცხადია, ვილაპარაკეთ მის კინოში ეროტიკული სცენების შესახებაც - ხშირად ძალიან უჩვეულო სცენების, რომლებიც გვახვედრებს, მაინც რაოდენ გვეუცხოება, თუ გვეუხერხულება ეკრანზე ხანდაზმული, ან მსუქანი სხეულების სექსის ყურება. „ამ სცენების ნახვის შემდეგ, ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობდა, რომ მე მონსტრების რეპრეზენტაციას ვახდენ. არადა მეხიკოში ძალიან ბევრ მსუქან ადამიანს შეხვდებით. ვფიქრობდი, ესე იგი თქვენ თვლით, რომ ეს რიგითი მექსიკელები მონსტრები არიან-მეთქი?ეს აჩვენებს, როგორი ფარისევლები არიან ადამიანები. ბევრი ფიქრობს, რომ ყველას იღებს, ყველა უყვარს, რომ მშვენიერი მემარცხენეები არიან გახსნილი სულით, გახსნილი გონებით. არადა ამ დროს უკიდურესად რასისტულად იქცევიან“ - ამბობს რეიგადასი.
ინტერვიუს ბოლო ნაწილში რეჟისორი გვიყვება თავის ჯერჯერობით ბოლო ფილმზე „ჩვენი დრო“, რომელშიც ის ოსტატურად, დაუნდობლად და მახვილი იუმორით ააშკარავებს მასკულინური იდენტობის სიმყიფეს, კაცების ჩუმ შიშებს და შფოთს - და რომელიც, პარადოქსულად, აუდიტორიის ნაწილს „მაჩო ფილმად“ ჩაუთვლია. და იხსენებს თავის 2007 წლის შედევრს, „ჩუმ სინათლეს“ – ფილმს თავს დამტყდარ ვნებაზე, ლტოლვაზე, ადიულტერზე, რომელიც ადამიანს აიძულებს დიდი ტკივილი მიაყენოს მათ, ვინც ძალიან უყვარს.
"ასათიანის კუთხის" ამ გამოშვებას, შესაბამისად, საგანგებო, ვიდეო ფორმატში გთავაზობთ. მასში რეიგადასის ფილმებიდან რამდენიმე ნაწყვეტსაც ნახავთ, თავად რეჟისორის კომენტარით კადრს მიღმა.