Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილი გახდა


პარლამენტმა კენჭი უყარა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას და 75 ხმით 2-ის წინააღმდეგ ის პარლამენტის დეპუტატად დაამტკიცა.

საკითხის განხილვას და კანდიდატურის კენჭისყრას პარლამენტში ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა ოპოზიცია, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან განხილვის თემა გახდა. ამასთან, უმრავლეობის დეპუტატთა ნაწილი ბადრი ბასიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო.

დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებით, ბადრი ბასიშვილი „ცნობილი ზონდერი იყო და მისი გუნდის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გავხადოთ დეპუტატი“.

საპარლამენტის უმრავლების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საკითხი წმინდა ფორმალური ხასიათისაა, კანონით განსაზღვრული წესის თანახმად, უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატის ნაცვლად პარლამენტს მის ადგილმონაცვლედ დასამტკიცებლად წარედგინება დეპუტატის პარტიული სიით მისი მომდევნო წევრი. ამ ვითარებაში პარლამენტი ვერ იმსჯელებს მისი რეპუტაციის საკითხზე.

„შეგვიძლია მივმართოთ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, როდესაც ისინი ნომერ 5-ს ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენებში, ნიშნავს ნიკანორ მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხრადაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ამ ფორმალურ უფლებამოსილებას შევასრულებთ. ეს არის პროცედურული დემოკრატია და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და საზოგადოებას დავანახებთ, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და ვის შემოყვანას პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კენჭისყრის გადადების საკითხი დასვა, ვინაიდან, მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“ და ვერ დაელოდებიან, როდის გამოჩნდება უკეთესი კანდიდატურა. მაგრამ კენჭისყრის გადადებით იქნებ მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არსებულ წესს შეცვლის.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტი ვერ გადადებს საკითხის კენჭისყრას, ვინადან რეგლამენტი განმარტავს, რომ დეპუტატის უფლებამისლების შეწყვეტის და უფლებამოსილებაში შესვლის საკითხის კენჭისყრა უნდა მოხდეს პარლამენტის სესიის დაწყებისთანავე.

„დაუშვებელია სხვა საკითხების განხილვა, სანამ ეს საკითხი არ იქნება განხილული“, - განაცხადა მან. სხვა შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას და მოხდება მისი საქმიანობის პარალიზება.

მისივე განმარტებით, პარლამენტს არ აქვს უფლება, კენჭი არ უყაროს ცესკოს მიერ პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატის უფლებამონაცვლეს. სხვა პირის კენჭისყრა ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ სიით გათვალისწინებული ადგილმონაცვლე უარს იტყვის თავის კანიდადატურაზე და პარტიული სიიდან პარლამენტს დასამტკიცებლად სხვა კანდიდატი წარედგინება.

წარსულში ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნება“ ე. წ. ზონდერჯგუფების შექმნასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში ადანაშაულებდა, რასაც თვითონ ბასიშვილი კატეგორიულად უარყოფდა .

ბადრი ბასიშვილი 2008-2012 წლებში საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას, პარლამენტმა უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა 88 ხმით.

მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG