საპროკურორო საბჭოში კიდევ ხუთი კანდიდატი წარადგინეს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე:
- იურისტი დავით ზირაქაშვილის კანდიდატურას, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია;
- იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა;
- ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა;
- ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია - სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა;
- ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი საპროკურორო საბჭოს სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა;
16 იანვრის მონაცემებით საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით.
საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.