Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკური უნივერსიტეტი შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატად წარდგენაზე განცხადებას ავრცელებს


ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც განმარტავს, როგორ და რატომ წარადგინა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის ვაკანსიის დასაკავებლად საპროკურორო საბჭოში.

განცხადების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი შოთაძე სრულად აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს:

„კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გენერალური პროკურორის კანდიდატის შესარჩევად და წარსადგენად ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა. კანდიდატის წარდგენას წინ უძღვოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კანონით განსაზღვრული კონსულტაციების პროცესი.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ მიწვეული ასოცირებული პროფესორია.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG