პანკისის სათემო რადიოს ცნობით, სოფელ დუისში დაიწვა ქერიმ დუიშვილის აკლდამა. ხანძარმა დააზიანა აკლდამის ჭერი, ფანჯრები, ავეჯი და სხვა ინვენტარი.
პანკისის ხეობაში მდებარე აკლდამაში, სადაც ქერიმ დუიშვილის საფლავია, ხალხი სალოცავად დადიოდა. ქერიმ დუიშვილი 1977 წელს 88 წლის გარდაიცვალა.
ქისტი უხუცესისა და მწერლის, ხასო ხანგოშვილის თქმით, ქერიმ დუიშვილი სოფელ დუისის დამაარსებლის, დუი ცაცხასაშვილის შვილიშვილი იყო.
„კომუნისტების მმართველობის პერიოდშიც კი ქადაგებდა, როცა ყველაზე რთული იყო, მით უფრო პანკისში. რელიგიურ რიტუალებს ატარებდა, დაკრძალვის დროს იქნებოდა ეს თუ სხვა. თითქმის იმამის მოვალეობას ასრულებდა. ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თავისი მიმდინარეობა ჰქონდა, „ოდის“ უწოდებდნენ, წმინდანის სახელია, მისი წარმომადგენელივით იყო, როგორც ჰაჯის და შეიხის მიურიდები არიან. თავისი ჯგუფი ჰყავდა. კარგი კაცი იყო. პანკისში სხვა სასაფლაოზე ასეთი აკლდამა არ მინახავს, მაგრამ ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ბევრია“, - უთხრა ხასო ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.
ქერიმ დუიშვილის შვილიშვილმა მედინა დუიშვილმა პაპის აკლდამის დაწვის შესახებ 3 იანვარს შეიტყო. როგორც ის ამბობს, აკლდამა 2 იანვარს, ღამით დაუწვავთ.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.