2011 წელს, როცა ნათია გვიანიშვილთან პირველი ინტერვიუ ჩავწერეთ, მისი სახელი და გვარი არ გვიხსენებია. ჯერ არც 2013 წლის 17 მაისი იყო მომხდარი. ლგბტ თემის წევრები თითქმის არ ჩანდნენ. ჩვენ კი, სტუდიაში, სიტყვებს ვარჩევდით, რომ არაფერი შეგვშლოდა. ახლა 2019 წელია და ნათია გვიანიშვილს, როგორც ლესბოსელ აქტივისტს, საქართველოში კარგად იცნობენ. ეს კი, მისი ამბავია, რომელიც ცხრა წლის შემდეგ ასე დაიწერა.
***
თბილისიდან 2017 წლის ზაფხულში წავედი.
იქაური ბრძოლებით დაქანცული ვიყავი. ცუდად მეძინა, ცუდად ვჭამდი, დროდადრო დეპრესიული ეპიზოდებიც მქონდა. 2013 წლის 17 მაისის მერე ისედაც შფოთვითი აშლილობა მაწუხებდა და, მოკლედ, გადავიწვი. თან, ვხვდებოდი, რომ ვეღარ ვვითარდები, მორჩა, ყველაფერი ინერციაა, რაღაც მანქანაზე ვარ გამობმული, ის მიქრის და თან მიმათრევს. არადა, ვერ გაჩუმდები, რეაქცია სულ უნდა გქონდეს მომხდარზე - სხვანაირად ეს საქმე არ გამოდის - აქტივისტი თუ ხარ, ყველაფერი ბოლომდე უნდა გაიღო.
მაგ დროს არ გახსოვს, რომ შენც ადამიანი ხარ, წიგნის კითხვა გიყვარს ან გიტარაზე დაკვრა, ან, რა ვიცი... არც შეცდომის დაშვების უფლება გაქვს, არც განზე გადგომის, ყველა დაჟინებით გაკვირდება როდის წაფორხილდები. და შენც სკდები, რომ არაფერი შეგეშალოს. თან როცა სულ რამდენიმე ადამიანია გარშემო, ვინც ღიად ამბობს, რომ ლესბოსელი აქტივისტია. შენ კი ერთ-ერთი ხარ.
მაგრამ ერთ დღესაც, მორჩა. მართლა აღარ შემეძლო.
ინგა გრიგოლიას გადაცემის პირდაპირი ეთერიდან ავდექი და წამოვედი. მახსოვს, გარშემო ყველა ყაყანებდა და გვლანძღავდა მე და კიდევ ერთ ადამიანს, რომელსაც თანამოაზრედ ვთვლიდი. მივხვდი, იქ ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი და ავუხსნიდი.
და მაშინ ჩემს თავს დასვენებაზე შევუთანხმდი: პირველი ექვსი თვე, რაც გლობალური პოლიტიკის შესასწავლად შვედეთში ჩამოვედი, ლექციების დროს თუ არ ჩავთვლით, უწყვეტად, მკვდარივით მეძინა ხოლმე.
ვიჯექი 21 კვადრატულ ოთახში, პატარა ქალაქ მალმოში, ტელეფონი არ რეკავდა, ელექტრონულ ფოსტაზე წერილები არ მომდიოდა. დრო ნელა გადიოდა - მე კი ჩემ თავს ვიბრუნებდი. ჩემ თავს სადღაც სხვაგან ვიმკვიდრებდი, სადაც ნათია გვიანიშვილს არავინ იცნობდა. მაშინ მივხვდი, რომ შენი სივრცის დათმობა რთულია, მაგრამ თან საჭირო - შენი თავისთვისაც და საერთო საქმისთვისაც. სხვა უნდა გამოვიდეს სცენაზე და შენ სხვაგან მოსინჯო ძალა.
დღეს შვედურ ლგბტ ორგანიზაციის საერთაშორისო განყოფილებაში ვმუშაობ, სტოკჰოლმში. ეს ქალაქი მართლა ისეთი ზღაპრული აღმოჩნდა, როგორც ლინდგრენის წიგნებში იყო აღწერილი.
თან იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიწევს მუშაობა, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა - პრობლემები ყველგან საერთოა. თუნდაც ის, რომ ლგბტ ადამიანები იქაც ნეოკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საფრთხის ქვეშ არიან და ეს ჯგუფები სულ უფრო ძლიერდებიან.
ეს არ არის ადვილი ბრძოლა.
ჩვენთვის არაფერია ადვილი
კორპორატიული წვეულებებიდან დაწყებული - საოჯახო რამეებით დამთავრებული. წარმოგიდგენიათ, რომ ყველა დეტალზე ყოველწამს ფიქრობდეთ?
მუდმივად გეშინია ვიღაცის რეაქციების და ეს არ არის ადვილი.
მუდმივად ფიქრობ, ეს ის გარემოა თუ არა, სადაც შეგიძლია თქვა ვინ ხარ სინამდვილეში? და თქვა: ჩემი პარტნიორი ქალია. და ეს არ არის ადვილი.
შემიძლია მასთან ერთად სტუმრად მისვლა თუ არა? მისი ოჯახი როგორია? არის ის „აუთ“ (ღია) და იცის თუ არა მისმა ოჯახმა ეს ყველაფერი? და ეს არ არის ადვილი.
როგორია ჩემი თვითგამოხატვა? აი, მე, მაგალითად, პირობითად, საშუალო სტატისტიკურ ქართველ ქალთან შედარებით მასკულინური ვარ. რა რეაქცია ექნებათ ამაზე სხვებს? და ეს არ არის ადვილი.
მე საქართველოში ყოველთვის მიყურებენ. ავტობუსში ავდივარ თუ მეტროთი ვმგზავრობ, ყველგან. ვინმე რომ მოვიდეს და გამლანძღოს? და ეს არ არის ადვილი.
იმაზეც ფიქრობ, იქ რომ ბიჭების ჯგუფი დგას, მანდ გავიარო თუ გადავიდე და ქუჩის მეორე მხარეს გავიარო? და ეს არ არის ადვილი.
ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება უნდოდეს ოჯახი. მაგრამ როგორ? ქორწინების უფლების პერსპექტივა მთავრობამ ცოტა ხნის წინ წაგვართვა. შეიძლება კონსტიტუცია ოდესმე შეიცვალოს, მაგრამ როდის, ვინ იცის. და ეს არ არის ადვილი.
შვილები? შეიძლება გეი ან ლესბოსელ წყვილს ჰყავდეს შვილი, მაგრამ ეს ბავშვი კანონით არ ეკუთვნის მეორეს. და ეს არ არის ადვილი.
თუ ამას შენ არ განიცდი - ვერ მიხვდები.
ამ ყველაფერზე უკვე ვფიქრობდი, როცა ჩემი პირველი ბლოგის წერა დავიწყე. ცხადია, ანონიმურად. და პირველი პოსტი იცით, რაზე იყო? იმაზე, რომ მე ვარსებობ. თითქოს მინდოდა საკუთარი თავი რუკაზე დამეტანა.
მახსოვს, მაგ ბლოგის გამო რადიო თავისუფლებაში მიმიწვიეს - ეს იყო პირველი, მაგრამ ჯერ კიდევ „უჩინარი“ გამოჩენა საჯარო სივრცეში. ხმით არ მიცნონ, ვღელავდი. ვღელავდი ვინ დამხვდებოდა, რა გარემო.
ბლოგს კი “Pink Illumination” დავარქვი. იმდენი წერილი მომდიოდა... მე 23 წლის ვიყავი. მინდოდა ლესბოსელებზე მეწერა. ძალიან ცოტა ვიცოდი ტრანსგენდერ ადამიანებზე - მაშინ მათ არც ვიცნობდი. ისე, ეს ბლოგი დღეს კარგი საზომია - რა შეიცვალა ჩემში. მეც მქონდა ბიფობია და ბისექსუალი ადამიანებისგან მეც მოვითხოვდი, ბოლოს და ბოლოს გადაეწყვიტათ, რა სურდათ. მეგონა, რომ ბისექსუალ ქალთან საქმე არ უნდა დაიჭირო, რადგან ის ბოლოს მაინც კაცს აირჩევს.
სინამდვილეში, უბრალოდ, გეშინია, რომ შენ არასოდეს აგირჩევენ. შენი თვითშეფასებაა დაბალზე დაბალი. ამიტომაც არ ვშლი მაგ ბლოგიდან რაღაცებს. მინდა, დრო რომ გავა, კიდევ ერთხელ შევხედო და მივხვდე, სად ვარ. სად მოვედი.
თუმცა, ეგ ბლოგი მაინც პირველი ნაბიჯი იყო - ნიადაგის მოსინჯვა. სივრცე, სადაც ერთმანეთს დავინახავდით, ფაქტობრივად არ არსებობდა. იყო მხოლოდ ფონდი „ინკლუზივი“, სადაც თავიდან მისვლაზე უარს ვამბობდი - მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ „ორგანიზაციებში არ მივიდოდი და გავლენები არ მჭირდებოდა“ - ზუსტად ასე ვამბობდი.
მაგრამ მერე, როცა მარტო ყოფნა ძალიან გართულდა, წავედი.
კარგად მახსოვს, პარასკევი იყო, რუსთაველის მეტროდან ამოვედი და პეროვსკაიას ქუჩისკენ გავუყევი. წინ ჩემი ნაცნობი მიდიოდა, გავიფიქრე, ნეტა ესეც იქ არ მოდიოდეს-მეთქი. არ დავუძახე. რომ მივედი, იქ დამხვდა. ასე იყო, ყველას და ყველაფერს ემალები ეგეთ დროს. კარგი ვქენი რომ მივედი - იქ დამხვდა თემი, რომელიც, მივხვდი, მომივლიდა და მიპატრონებდა.
სხვათაშორის, სწორედ მაგის მერე გადავწყვიტე, დედაჩემისთვის მეთქვა.
ბრძოლა კი 2011 წელს დავიწყეთ, როცა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი დავაარსეთ. ეს კარგი პლატფორმა იყო როგორც შიგნით სალაპარაკოდ, ისე თემების გარეთ გამოსატანადაც. მერე ერთი-ორი ლგბტ ორგანიზაციაც გამოჩნდა, „WISG“ და „იდენტობა“, სადაც მუშაობა დავიწყე და მოკლედ, გამოვჩნდი.
თუმცა, მანამდე რამდენი რამე იყო. მაღალი ქუსლებით იძულებით სიარულის მცდელობა, „გამოსწორების“ მცდელობა და
სკოლის დერეფნებში თავზე დადებული წიგნით სიარული
მეათე კლასში ვიყავით, როცა ჩემმა მეგობარმა გოგომ გადაწყვიტა, რომ ბიჭივით დავდიოდი და ბოლოს და ბოლოს ქალივით სიარული უნდა მესწავლა. თავზე წიგნი მედო და სკოლის დერეფანში სწორად გავლას ვცდილობდი. რა სასაცილოა! ნახევარი საათი გავუძელი და ის წიგნი მოვისროლე.
ორი დღე გავუძელი მაღალ ქუსლებზე სიარულსაც, ისიც დედაჩემის თხოვნით ვცადე. ახლა მეცინება - ჩემი შეცვლის რა მცდელობები არ მქონდა. თავიდან მარტო ვიბრძოდი.
წარმოიდგინეთ, გარშემო არავინ არაფერი იცის, ინფორმაცია არ არსებობს, ვერავის ენდობი და უმხელ რა ხდება. საკუთარი თავი გძულს და თან ამავე თავს პირდები, რომ შეიცვლები. აი, დღეს არა და ხვალიდან მორჩა! ბიჭები მოგეწონება. მერე გადის ერთი დღე, ორი, ამ შიშების გამო შორდები პირველ შეყვარებულ გოგოს, მაგრამ ბიჭები მაინც არ მოგწონს და არც გიყვარდება.
დღეს ამ ამბებზე მეღიმება. მინდა ეს ღიმილი თქვენც დაინახოთ, იმიტომ, რომ ეს გაივლის. უბრალოდ, უნდა აცალოთ თქვენს თავს იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
დე, გოგოებიც მომწონს
რატომ ავირჩიე დედაჩემთან ქამინგ აუთის გასაკეთებლად მაინც და მაინც დედის დღე, 3 მარტი? არ ვიცი. კარგად კი მახსოვს - ყვავილები მივუტანე და თავიდან ვუთხარი, გოგოებიც მომწონს-მეთქი. ორი დღის უძინარი და უჭმელი ვიყავი ნერვიულობისგან. მანამდე ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია - ერთადერთხელ მქონდა კითხვა დასმული ჰომოსექსულობაზე. მაშინ, მახსოვს, ნეიტრალურად ამიხსნა, აი, როგორც მე და მამაშენს შეგვიყვარდა ერთმანეთი, ასე ერთი სქესის მქონე ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი და ერთად არიან ხოლმეო.
ქამინგ აუთის დღეს კი მთელი სიტყვა მქონდა მომზადებული, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს ყველაფერი დამავიწყდა.
დედას სახე შეეცვალა და მეორე ოთახში გავიდა. მერე კი დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს მისი ფეხმძიმობის დროინდელი ჰორმონალური დისბალანსის ბრალი იყო, მერე ვახსენეთ ფსიქოლოგთან და ექიმთან წასვლები. რამდენიმე საათი ვლაპარაკობდით. ჩუმდებოდა, მერე ისევ ვიწყებდით და ასე.
და პრინციპში, მთელი ის წელი იყო რთული და კონფლიქტებით სავსე. მამას დედაჩემმა უთხრა. მეშინოდა, რომ გული არ სტკენოდა. მას მერე ჩემს ურთიერთობებზე არ გვილაპარაკია, მაგრამ ამ ბრძოლაში მამა ჩემს მხარესაა და მე ეს ვიცი.
დედაჩემისაც მესმის. ის ერთი წელი და ალბათ, შემდგომი წლებიც, ისიც სწავლობდა, ხარშავდა და რაც მთავარია, ჩემ გამო ეშინოდა. ნელ-ნელა და ფრთხილად დალაგდა ეს ურთიერთობა. მან დაინახა, რომ ცა არ ჩამოქცეულა, რომ კარგ ადამიანებს ვემეგობრები. რომ ბედნიერი ვარ.
დღეს ზუსტად ვიცი - ოჯახი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც უპირობოდ მხარს გიჭერენ. სადაც ცოტა ხნით მოდუნება შეგიძლია. ასე გაცილებით ადვილია. იმიტომ, რომ გარეთ სულ სიფხიზლე გჭირდება - დღემდე ასე ვარ, სადმე თუ მივდივარ, უნდა ვიცოდე, გარშემო ვინ იქნება.
ეს სიფრთხილე ცუდი გამოცდილების ამბავის ბრალიცაა - ზოგი ადამიანი მცნობდა და დედას მაგინებდა. ყოფილა, ბიჭი ვგონებივარ და ქალების საპირფარეშოში დაუწყიათ ყვირილი, ეგ ქალების ტუალეტია, სად შედიხარო. ქუჩაშიც მომხდარა, დაეჭვებულები რომ გაკვირდებიან და მერე, „ფუ შენი!“, მოგაძახებენ. 17 მაისის მერე უკვე გვცნობდნენ.
იმიტომ, რომ
ჩვენ ჩრდილიდან გამოვედით
მაგრამ ასეთ გრანდიოზულ სიძულვილს ადამიანებში, რაც 17 მაისს დავინახე, არ ველოდი.
მათ თვალებში არაფერი ჩანდა. რაღაც წაშლილი მზერები მახსოვს იმ დღიდან. მრისხანება. მე მათ იმ ავტობუსის ფანჯრებიდან ვხედავდი, რომლითაც გავრბოდით 2013 წლის 17 მაისს. ისინი კი ავტობუსს ხელებს და ფეხებს უბრახუნებდნენ. ეს ბოლო ავტობუსი იყო, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე ჩასვლას ცდილობდა, სწორედ ის, რომელსაც მღვდელი ტაბურეტს ურტყამდა. ვფიქრობდი, რით დავიმსახურეთ ასეთი ზიზღი-მეთქი.
ვხედავდი, კარი რომ შემოემტვრიათ, როგორ გამაუპატიურებდნენ ან მომკლავდნენ. და მეც აგრესიის გრძნობა გამიჩნდა, რაც მანამდე არასოდეს მქონია. მეც ვფიქრობდი, ისე როგორ არ მოვმკვდარიყავი, რომ მეც ვინმე არ მიმეყოლებინა.
მერე ერთ-ერთი მღვდელი ამოვიდა ავტობუსში. როგორც მივხვდი, ჟურნალისტები ვეგონეთ, რადგან ერთ-ერთ ჩვენგანს დიდი ფოტოაპარატი ეჭირა და დროდადრო იღებდა. იმ მღვდელმა დააშოშმინა გარეთ მყოფი ხალხი, ავტობუსს ქვები არ ესროლოთო და ორთაჭალისკენ წაგვიყვანეს. მაშინ ის მღვდელი მოგვიბრუნდა და გვითხრა, ველურები არ გეგონოთ, ჟურნალისტებს არაფერს ვუშავებთო. მე კი ვუთხარი, რომ ჟურნალისტები არ ვიყავით... მძღოლსაც ვძულდით. და ეს ისეთი აშკარა იყო. ორთაჭალაში გამოგვყარეს და იქიდან, მახსოვს, ტაქსით გავიქეცით.
მეორე დღეს რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ და მახსოვს, ერთმანეთი რომ დავინახეთ, მოთქმით ავტირდით.
ჩვენ სახელმწიფომ „გადაგვაგდო“ - არ დაგვიცვა. და ეს აშკარა იყო. და მერეც ბევრჯერ მოხდა იგივე. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებაც ჩვენი დროის და სივრცის წართმევა იყო, მეტი არაფერი. და ამ გადაწყვეტილებას ზურგს საპატრიარქო უმაგრებდა. მას ვერ დაეტოლები. ის ძლიერია, შენ კი - ახლა იდგამ ფეხს. იცი, გაჯობებს და გადაგთელავს.
თუმცა ბრძოლა არ შეწყვეტილა. არც შეწყდება. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი საბრძოლველი გვაქვს. მათ შორის -
სიყვარულიც
როგორ გინდა მარადიულად დღევანდელი დღით და ამ წამით იცხოვრო? მაგრამ როცა ჩვენ მომავალზე ფიქრს ვიწყებთ - ყველა გზა იკეტება. ადამიანებს კი გვიყვარს ვუყუროთ ჩვენს ლამაზ, დაგეგმილ ცხოვრებებს, წინ, მომავალში. მეც ვფიქრობ ამაზე - ოჯახიც მინდა, ერთზე მეტი შვილიც. მაგრამ საქართველოში მექნება ამის შანსი? ან თუ მექნება, მაშინ ჩემი რეპროდუქციული ასაკი დიდი ხნის ჩავლილი იქნება.
კარგი, ვთქვათ, ბინა ვიქირავეთ ერთად. ავად რომ გავხდე, მას პალატაში შემოუშვებენ? ვთქვათ შვილი გავაჩინე. მე რომ რამე დამემართოს, ბავშვს ვინ უპატრონებს, კანონი რას გადაწყვეტს? ჰეტერო წყვილები ამაზე არასოდეს ფიქრობენ.
როგორ შევცვალოთ? ერთი, რაზეც სულ მეფიქრება, ის არის, რომ სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ძალადობის გამართლება ან დათქმებით მისი დაგმობა.
და მიხედოს განათლების სისტემას, რადგან ლგბტ მოზარდები დღეს ყველაზე მეტად სკოლაში იჩაგრებიან.
მე ამისთვის ვიბრძვი, როგორც და სადაც ვიბრძვი და, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება არც წარმომიდგენია. იქნებ 20 წლის მერე ეს გამოცდილება სხვასაც გამოადგეს.
ასეც ვხედავ: 20 წლის მერე ვინმეს რამეს ვასწავლი. უფრო სწორედ, ვუზიარებ.
და ალბათ, იმ მომავალში მყავს ოჯახი, მეუღლე და შვილები, ერთი ძაღლი და ერთი-ორი კატაც სადმე.
ამის მაინც მჯერა და ვიცი, რომ რაც უნდა მძიმე მდგომარეობაში ვიყოთ დღეს საქართველოში ლესბოსელი ქალები და ლგბტ თემის სხვა წევრებიც, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რესურსი, რომ საკუთარი ბედნიერება შევქმნათ. მთავარია, გვახსოვდეს, რომ გამოსავალი არსებობს.
ამას ვეუბნები ჩემ თავს. ამას გეუბნებით თქვენც.