Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრისთვის ლოგიკურია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სწორი უწოდა მთავრობის გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ: „ეს გადაწყვეტილება პრინციპში, აბსოლუტურად ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტს ჩვენ 2017 წლიდან უპრეცედენტო დახმარებას ვუცხადებთ. პროექტი არაერთხელ გადავადდა და რეალურად იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, ადამიანები დასაქმებული, ტვირთები ასე ვთქვათ, უნდა ყოფილიყო გადამუშვებული და ძალიან ბევრი სიკეთე, რაც მოყვება ამ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს“.

ნათია თურნავას განცხადებითვე, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რაც მთლიანად ინვესტორის პასუხისმგებლობაა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვერავინ დაასახელებს სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფოსა და მთავრობისგან აქვს ისეთი მაღალი მხარდაჭერა, როგორიც ანაკლიის პორტს და ის საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა.

„ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ უკვე ამ ინვესტორის გარეშე, რადგან რესურსს ვერ ვხედავთ ამ ინვესტორთან ამ პროექტის გაგრძელების. მეტი შანსი, მეტი გადავადება და მეტი დაყოვნება არის შეუძლებელი ამ პროექტისა და ავნებს სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრფინგზე.

ეკონომიკის მინისტრს იმედი აქვს, რომ ახალი ტენდერი სანდო და ეფექტურ ინვესტორს გამოავლენს: „ჩვენ არაერთი დაზუსტება შევიტანეთ 2017 წლიდან დღემდე მოყოლებული თვითონ ხელშეკრულებაში. დღევანდელი ხელშეკრულება არსობრივად განსხვავებულია იმისგან, რა პირობებითაც იყო ტენდერზე გატანილი 2017 წელს. ეს ცვლილებები არის ძირითადად, ინვესტორის სასარგებლოდ გაკეთებული. აქედან გამომდინარე, არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გადავახალისოთ ეს შესაძლებლობები, გავხადოთ კიდევ უფრო ადეკვატური დღევანდელი დღისა“.

თურნავას თქმით, 2017 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა რეგიონშიც და გლობალურადაც და ეს რეალიები იქნება გათვალისწინებული: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ახალი, გადახალისებული პირობებით ჩვენ შეუფერხებლად დავიწყებთ პროცესს ხელახალი ინვესტორის ძებნის. ისევ და ისევ გამჭვირვალედ და კონკურენტულ ვითარებაში. პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ის მიეკუთვნება იმ რეგიონალურ პროექტთა რიცხვს, რომელიც ზოგადად განამტკიცებს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას“.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

XS
SM
MD
LG