მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გიორგი მამალაძის ეშინია.
მას შემდეგ, რაც დღეს, 6 იანვარს, პრეზიდენტმა უარი თქვა მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებაზე, თორნიკე მამალაძემ მედიას უთხრა, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა: „ვიცოდი აქამდე, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა და ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა“.
მამალაძის განცხადებითვე, პრეზიდენტისადმი სინოდის შუამდგომლობა დეკანოზის შეწყალების შესახებ, იყო „მხოლოდ ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან, რადგანაც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე. მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას, და დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მიიღო მონაწილეობა კათოლიკოს-პატრიარქმა და პრეზიდენტმა“.
თორნიკე მამალაძის მტკიცებით, მისი ძმის საპყრობილეში დატოვება პირადად კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებაა: „ჯაღმაიძემ თქვა, რომ მამალაძეს სათქმელი, მგონი, აღარაფერი არა აქვსო, და თავად კათოლიკოს-პატრიარქმა იცის, რომ ჩემ ძმას ბევრი აქვს სათქმელი და კათოლიკოს-პატრიარქი არის შეშინებული პიროვნება, რომელსაც ეშინია ჩემი ძმის, რადგან აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მისამართით და მან იცის, რომ ჩემი ძმის განთავისუფლების შემთხვევაში, ჩემი ძმა აპირებდა წმინდა სინოდზე, თუ ღია ეთერში ამ თემებზე საუბარს“.
თორნიკე მამალაძის თქმით, ბრძოლას ყველა ხერხით გააგრძელებს „ეკლესიის სათავეებზე მოკალათებული პიროვნებების“ წინააღმდეგ. ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად ვის გულისხმობს, მამალაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქი, რადგანაც კათოლიკოს-პატრიარქი არის დღეს მტერი სიმართლის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მტერი ეკლესიის და მე პირადად ამას დავამტკიცებ“.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.
გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.