Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურ მოძრაობაში" ეჭვობენ, რომ "უჩიპო" მოწმობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებენ


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესთან დაკავშირებული სარჩელი და სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა.

„აქამდეც ხელისუფლება პირადობის მოწმობებს წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებდა, ზეწოლას ახორციელებდა ადამიანებზე და აიძულებდა, რომ წინმსწრებად ჩაებარებინათ პირადობები. ახლა, რა თქმა უნდა, ამ ნორმასაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაც ჩემი მოლოდინია, იმიტომ, რომ ყველა სასამართლო ინსტანციას ივანიშვილი აკონტროლებს, წულუკიანს ხელი გაეხსნება, რომ ქაღალდის, არაელექტრონული პირადობის მოწმობები უფრო აქტიურად გამოიყენოს საარჩევნოდ, რადგან ივანიშვილმა კარგად იცის, რომ თუ რაღაც ფართომასშტაბიანი მანიპულაცია არ მოახდინა, არანაირი შანსი ძალაუფლების შენარჩუნების არ აქვს“, - განუცხადა მედიას თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, იმისთვის, რომ ივანიშვილს არ მიეცეს გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ორი მოქალაქის სარჩელი არსებითად განხილვისთვის 26 დეკემბერს მიიღო. მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა ამ დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG