Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ყველამ თავის ტროლებს მიხედოს, დეზინფორმაციის წინააღმდეგ კანონპროექტია ინიცირებული


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ფეისბუკის მიერ ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტროლების კუთხით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და დეზინფორმაციის აღსაკვეთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები გასული თვეების განმავლობაშიც საუბრობდნენ:

„მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებას ფეისბუკთან დაკავშირებით, თუ ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამას სჭირდება ზღვრის დაწესება. ხედავთ, რომ აქ არის ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან კომენტარში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ეხება დეზინფორმაციის თავიდან აცილებას:

ამაზე მსჯელობა გაგრძელდება, არის კანონპროექტი ინიცირებული სხვადასხვა სივრცეში. მარტო ფეისბუკი ხომ არ არის პრობლემა. პრობლემა არის ასევე თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას მედიასთან არ უსაუბრია, კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს მმართველი პარტიის ინიციატივა.

„ძალიან საინტერესო დისკუსია წამოიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ თქვეს, რომ ტყუილების გავრცელება და შეურაცხყოფა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მოდით, ვიმსჯელოთ ამაზე, ოღონდ არა მარტო ფეისბუკში, არამედ ნებისმიერ სივრცეში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფეისბუკმა 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს (ასევე, აშშ-ისა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. დაუკავშირებელი ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.

განცხადებაში მოყვანილია ზუსტი რაოდენობა გაუქმებული ქართული ანგარიშებისა, რომელიც 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.

XS
SM
MD
LG