ფეისბუკმა 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს, (ასევე აშშ-სა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. „დაუკავშირებელი“ ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.
განცხადებაში მოყვანილია ზუსტი რიცხვი გაუქმებული ქართული ანგარიშებისა, რომელიც 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.
განცხადების ნაწილიში, სადაც საქართველოზეა საუბარი ასევე წაიკითხავთ, რომ ის პირები, რომლებიც ამ ანგარიშების მიღმა იყვნენ, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ზოგიერთი მათგანი ფეისბუკის ავტომატურმა სისტემამ ადრევე შენიშნა), რათა გაეზარდათ მათი შინაარსის მიმართ ყურადღება და ემართათ ეს გვერდები.
განცხადების ავტორი, ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ნათანაელ გლეიშერი წერს, რომ ეს საიტები თავს ასაღებდნენ ახალი ამბების სააგენტოებად და პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიასაშუალებებს წარმოადგენდნენ. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, ჩვეულებრივ აქვეყნებდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას არჩევნების, სამთავრობო პოლიტიკის, მაღალი რანგის ოფიციალური პირების შესახებ' ასევე აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“- ნათქვამია განცხადებაში.
ფეისბუკის თანახმად, მის მიერ გაუქმებული, ქართული წარმოშობის ანგარიშები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე და მათი რეკლამირებისთვის 316 ათას ამერიკულ დოლარამდე იყო დახარჯული.
ფეისბუკის სტატიაში მოყვანილია „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო გაუქმებული ანგარიშების რამდენიმე მაგალითი.