Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ლუკა სირაძის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა რისკებს შეიცავს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და ამბობს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. მისივე თქმით, მიუღებელია ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მოზარდის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა:

„ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ცალკე ამორალურობაა და ადამიანურ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ისიც კი იკადრა, რომ 15 წლის ბიჭის გარდაცვალება თავისი ლოგოთი დაბრენდა.

ლუკა სირაძის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, რბილად რომ ვთქვათ, რისკებს შეიცავს და სხვა ბავშვების ფსიქიკას აზიანებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მსგავსი სლოგანებისა თუ ფაქტების ასეთი ინტენსივობით ტირაჟირება, სუიციდის რეციდივის მაპროვოცირებელია, მით უმეტეს, მოზარდებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

მოზარდის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე მიუთითებდა.

XS
SM
MD
LG