ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა.
დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სოფელში ხელისუფლებამ მაშინ „ტიტუშკები“ დაახვედრა, ოთხი პირი დაესხა თავს და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ქაცარავამ რამდენიმე კვირის წინ პოლიციელთა მუქარის შესახებაც განაცხადა და მიიჩნევს, რომ ეს არის ერთი ჯაჭვი მისი ანტისაოკუპაციო მოქმედების წინააღმდეგ. ქაცარავა დღეს არ დაუკავებიათ, ის მასალების სასამართლოში გადაგზავნას ელოდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 126-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.