საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმის გამოძიება საპარლამენტო კონტროლს დაექვემდებარება.
როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომიტეტების ფარგლებში დაიბარებენ ყველა საჭირო სუბიექტს, რათა საზოგადოებასა და გარდაცვლილის ოჯახში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.
პირველი ამგვარი შეხვედრა იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ანრი ოხანაშვილმა და სოფიო კილაძემ სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან გამართეს. ანრი ოხანაშვილი დღესვე პარლამენტში იწვევს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.
ლონდა თოლორაიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის გამოძიების საკითხია პრიორიტეტული:
„უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი პირველ რიგში პოლიციის იმ თანამშრომლებმა, ვისაც ევალებოდათ კონკრეტული საკითხის გარკვევა, ვინც შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული. ამიტომ ყველამ უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ამის შემდგომ ჩვენ გვმართებს გონიერებაც. ცივი გონებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს - თუკი დამატებით გამოიკვეთება ვინმეს გამოკითხვის საკითხი, პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, ყველა სუბიექტი აბსოლუტურად, ვინც კი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ საკითხში, იქნება ეს სკოლა თუ სხვა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი. თუმცა, პირველ რიგში, აქ დგას საკითხი პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, ეს საკითხი იქნეს შესწავლილი თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.