„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო“, - აცხადებს „თბილისის მწვანე სკოლა“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო.
„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.
„შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, - აცხადებს მწვანე სკოლა.
„აბა დამიჭირე“, - ეს ერთ-ერთია იმ წარწერებს შორის, რომელიც 10 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს წითელი საღებავით დახვდათ კედელზე მიწერილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი.
15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.