„ჩვენი გზა ევროპისა და NATO-სკენ ნათელი და უცვლელია“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ელჩების კონფერენცია - 2019“-ის ფარგლებში უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისკენ სწრაფვა საქართველოს ერთადერთი გზაა.
„NATO-სა თუ ევროკავშირის შიდა გამოწვევები ჩვენზე ვერ იქონიებს გავლენას და არ შეგვაცვლევინებს გეზს. არამხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ეს მიზანი, არამედ იმიტომ, რომ რეალობაში არ არსებობს სხვა გზა, ამ გზის რაიმე ალტერნატივა, თავისუფალი განვითარების სხვა პერსპექტივა. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა სხვა არჩევანს ვერ და არ გააკეთებს“, - ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დიპლომატებს ერთ-ერთ ამოცანად უსახავს დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
„ვწუხვარ, რომ ზოგჯერ უცხოეთში ვრცელდება ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე დეზინფორმაციები. დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა საქართველო ორიენტაციას იცვლის. ვფიქრობ, რომ ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყოს სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლოს დამახინჯებულ ინფორმაციას. ქვეყნის სახის, იმიჯის შეცვლა და მისი დამახინჯება ვერავინ უნდა გაბედოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.