Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო სამსახური: მოსამართლეთა შერჩევის პროცესს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები ახასიათებდა


ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით:

„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლედაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრამდე, მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები“, ნათქვამია განცხადებაში.

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი.

კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა სულ 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი მოქმედი მოსამართლეა.

XS
SM
MD
LG