Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

88 დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას


ლევან კობიაშვილი, რომან კაკულია, ირაკლი კოვზანაძე, კახა კუჭავა.
ლევან კობიაშვილი, რომან კაკულია, ირაკლი კოვზანაძე, კახა კუჭავა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭრა მხარი. მათ შორის იყვნენ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან კობიაშვილი; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა.

დარბაზში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ეკა ბესელია, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური, რომლებმაც მელიას წინააღმდეგ დადგენილებას მხარი არ დაუჭირეს.

დარბაზში მყოფი დეპუტატებიდან კახა ოქრიაშვილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წარმომადგენელი, ვინც მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დასკვნის თანახმად, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 დეკემბერის წერილით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

ნიკა მელია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ნიკა მელიას სანქციის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG