საქართველოს სახალხო დამცველმა საკმაოდ შემაშფოთებელი უწოდა ინფორმაციას, რომელიც აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტების ნაწილისგან მიიღო დღეს, 5 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.
„შევხვდი საინფორმაციო საშუალებების და კრიტიკული კონტენტის შემქმნელ ჟურნალისტებს. ვხედავ, რომ ამ საკითხებთან მიმართებით ჟურნალისტების ხედვა და პოზიცია არის ერთიანი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ჟურნალისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ სახიფათო პროცესებთან: „არა მგონია, რომ ეს ყველაფერი ეხებოდეს ცალკეულ ჟურნალისტებს. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რომ რეალურად საფრთხის ქვეშ დგება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული მაუწყებლობა და ჟურნალისტების საქმიანობის დამოუკიდებლობა. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ ეს განცდა და კონკრეტული ფაქტებით საუბრობდნენ“.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპს და მონიტორინგს გაუწევს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს. დღესვე ნინო ლომჯარია შეხვდება რეგიონული მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს.
4 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გიორგი კოხრეიძე დაადანაშაულეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და შანტაჟში.