ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა.
30 ოპოზიციური პარტიის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შერეული სისტემით. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, კანონპროექტი ხმების სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს.
„ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს არის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და, ასევე, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ხოლო მისი ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლობა. ასე რომ, სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა და მათ თუ სურთ ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კანონპროექტის ავტორები არიან: ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მანანა ნაჭყებია, ნიკოლოზ ჯოგლიძე, კონსტანტინე კემულარია, ნატო ჩხეიძე, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, თაკო ჩარკვიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ამზაშვილი, ალეკო ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მანანა ჯებაშვილი, გია ბერძენაძე, გრიგოლ ჯოჯუა, შოთა მალაშხია.
ოპოზიციამ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ შეიმუშავა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებს მაქსიმალურად პროპორციულად გადაანაწილებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია - პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით - სახალხო დამცველს სთხოვს, კანონპროექტი ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა იგი საქართველოს კონსტიტუციას.