Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას მიმართ არასაპატიმრო სასჯელი გამოიყენეს


ნიკა მელია
ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. თავად მელია განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ დღეს, 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ჯარიმის გარდა, ნიკა მელიას 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს. მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მიზნად ისახავდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით „ქართუს“ გაკოტრებას. გამოძიების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.

შსს-ს მაშინდელი განცხადების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით: „დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ „ქართუ“-ში, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდიდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ”.

შსს-ს განცხადებითვე, ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ზარალდებოდა ბანკი „ქართუ“, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები.

XS
SM
MD
LG