Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი: შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსი იყო.

„ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ვაშაძის სიტყვები, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგორიული უარი თვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი, მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტლივ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ. მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება.

გიგა ბოკერიას თქმით, ისინი დიალოგის გაგრძელების მომხრეები არიან და ამასთან ერთად იქნება ქუჩის პროტესტიც.

„პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გაადააგდო მთელი საზოგადოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ „პოლიტიკურ წვალებას“ და ჩვენ ამ „პოლიტიკურ წვალებას“ გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ“, - განაცხადა ბოკერიამ, რომლის თანახმად, შეხვედრაზე ორი საკითხი - ე.წ. გერმანული მოდელი და „გავრილოვის ღამის“ პატიმრების საქმე განიხილეს, იტყობინება „ინტერპრესნიუსი“.

XS
SM
MD
LG