Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიყვარული მარტოობის ჟამს“: წიგნი სურვილზე ოიდიპოსის შემდგომ ეპოქაში


სალომე ასათიანის პოდკასტი

1939 წელს ამერიკელმა მხატვარმა, ტომას ჰარტ ბენტონმა, უცნაური ნახატი დახატა. სურათის სათაური და თემატიკა ყველასათვის ნაცნობი იყო - მას „უძღები შვილი“ ერქვა და ამ ძველ, არქეტიპულ იგავს გამოსახავდა. მაგრამ განსხვავებით ახალი აღთქმის უძღები შვილისგან, რომელიც სახლში მორალურად და მატერიალურად გაკოტრებული ბრუნდება და მას მამა უპირობო სიყვარულით და პატიებით მიიღებს - და ასევე განსხვავებით ძველი აღთქმისეული ურჩი ძისგან, რომელსაც მშობლების დაუმორჩილებლობისთვის უხუცესები სიკვდილით სჯიან - ბენტონისეულ შეცდომილ ძეს სხვა ხვედრი ერგო. მას არც პატიებით სხვდება მამა, და არც სასჯელით. მას საერთოდ არავინ ხვდება. ირგვლივ ყველაფერი მკვდარია, ირგვლივ არაფერია მამისეული სახლის ნანგრევების, ბიბლიური ნასუქალი ხბოს ჩონჩხის და გამხმარი ხის გარდა. ძე შეცდომილი პირზე ხელს აიფარებს და დაბნეული მიშტერებია ავისმომასწავებლად მოქუფრულ ცას, რომელზეც ღრუბლები ფორმით გატანჯულ ძაღლებს მოგვაგონებენ. უძღები შვილი დაბრუნდა - მაგრამ ის სრულიად მარტოა.

ბენტონმა ეს ნახატი „დიდი დეპრესიის“ სახელით ცნობილი, მწვავე ეკონომიკური კრიზისის ბოლო ფაზაში დახატა და ამიტომ ხელოვნებათმცოდნეები მას ხშირად 1930-იანი წლების მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გამომხატველად მიიჩნევენ ხოლმე. თუმცა, ცხადია, არსებობს სხვა ინტერპრეტაციებიც. ბევრისთვის ბენტონისეული უძღები შვილი კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობას გამოხატავს - მისი ხატი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა დღევანდელი, მოდერნული ან, თუ გნებავთ, პოსტმოდერნული უძღები შვილის მდგომარეობისა, რომელსაც აღარც პატიება ეხება და აღარც სასჯელი. მამისეული კანონი, პატრიარქალური წესრიგი მორღვეულია - და, შესაბამისად, მისი „შეცდომილობა“ თუ „უძღებობაც“ აღარავის აინტერესებს. და თუნდაც „დაბრუნდეს“, ის მაინც იზოლირებული და, ვთქვათ მიშელ უელბეკისეულად თუ ვიტყვით, ატომიზირებული რჩება.

მაინც ვინ არის ეს ჩვენი დროის უძღები შვილი, რატომ ერგო მას ხვედრად სამუდამო მარტოობა და რა ბედი ეწია მამათა პატრიარქალურ წესრიგს დღევანდელ პოსტმოდერნულ კლიმატში - ჩვენი პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში ამ, არც თუ იოლ ამბებში შევეცდებით გარკვევას.

პოლ ვერჰაგი
პოლ ვერჰაგი

ამაში პოლ ვერჰაგი დაგვეხმარება - დასავლეთში ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი, კლინიკური ფსიქოლოგიის ბელგიელი პროფესორი, რომელიც გენტის უნივერსიტეტში კითხულობს ლექსიებს და სამედიცინო პრაქტიკაც აქვს. გასული საუკუნის მიწურულს, 1998 წელს პროფესორი ვერჰაგი საერთაშორისოდ ცნობილი ავტორი გახდა - დაწერა წიგნი სათაურით „სიყვარული მარტოობის ჟამს: სამი ესე ლტოლვასა და სურვილზე“, რომელიც მას შემდეგ რვა ენაზე ითარგმნა, კიდევ რამდენჯერმე გამოიცა სხვადასხვა რედაქციით და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ამ წიგნში პოლ ვერჰაგი თანამედროვე ქალისა და კაცის ურთიერთობის ფსიქოანალიტიკურ წაკითხვას გვთავაზობს - წერს სექსზე და სიამოვნებაზე, როგორც ჩვენი მოტივაციის და ამავე დროს დაბრკოლების და დაუკმაყოფილებლობის მუდმივ წყაროზე, კლასიკური გენდერული როლების თვისებრივ ცვლილებაზე, ფროიდისეული ოდიპოსის კომპლექსის გაქრობაზე და იმ მოწყენილობაზე, შფოთვაზე და სიბრაზეზე, რომლისთვისაც თითქმის განწირულები არიან ერთი შეხედვით გათავისუფლებული, პოსტმოდერნული მორალის საზოგადოებებში მცხოვრები ინდივიდები.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

„ყველაზე ცუდი რამ, რაც სურვილით მოცულ ადამიანს შეიძლება დაემართოს, ამ სურვილის მყისიერი დაკმაყოფილებაა“ - წერს პროფესორი ვერჰაგი თავის წიგნში. პოდკასტის ამ ეპიზოდში ის სწორედ იმ ფაქტორებზე გველაპარაკება, რომლებმაც დასავლეთის საზოგადოებებში გამოიწვია „მამების“ პატრიარქალური წესრიგის - ანუ აკრძალვების და შეღუდვების - შესუსტება. გვიყვება ზიგმუნდ ფროიდზე, ფსიქოანალიზის „მამაზე“, რომელმაც, ერთი მხრივ, მამის მნიშვნელობა მანამდე უპრეცედენტო მასშტაბით განადიდა და ეს მეცნიერული დისკურსით ახსნა - თუმცა, ამავე დროს, თუ სწორედ ამით, მის ავტორიტეტს და ძალაუფლებასაც გამოუთხარა ძირი, გვესაუბრება გვიანდელ 1960-იან წლებზე, როცა დასავლეთის ქალაქის ქუჩები ჯინსიანმა და ყვავილებიანმა სტუდენტებმა მოიცვეს და მამებს, ავტორიტეტებს, შეზღუდვებს და კონტროლს აუჯანყდნენ. გვიყვება იმ ირონიულ ბედზე, რომელიც ამ მართლაც ძალიან პროგრესულ აჯანყებას ეწია - როცა თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი, სოლიდარული საზოგადოების იდეა გადაიზარდა ერთმანეთთან მუდმივ კონკურენციაში მყოფი ინდივიდების ნეოლიბერალურ, ულტრაკაპიტალისტურ დისკურსში. და იმ მძიმე და ირონიულ შედეგებსაც გვიხსნის, რომლებიც საბაზრო ლოგიკამ ჩვენი ცხოვრების ინტიმურ სფეროს, სურვილს და სექსუალობას მოუტანა - უწინდელი, რელიგიური თუ პატრიარქალური შეზღუდვები ჩაანაცვლა ლოზუნგმა „მეტი სიამოვნება“, მაგრამ ამან, რეალურად, სწორედ სიამოვნებას წაართვა ინტენსიფიკაციის სივრცე.

პოდკასტის ბოლო მონაკვეთში სიყვარულზეც ვილაპარაკებთ - ცნებაზე, რომელიც ძალიან რთულად თუ ემორჩილება მეცნიერულ ახსნას. პროფესორი ვერჰაგი მოგვიყვება იმ განმსაზღვრელ მნიშვნელობაზე, რომელსაც ყოველი ჩვენგანისთვის ატარებს უპირველესი ურთიერთობა - კავშირი დედასთან. და იმ მუდმივ დანაკარგის განცდაზეც გვეტყვის, რომელსაც ვერაფრით ვავსებთ და რომელიც, ფსიქოანალიზს თუ დავუჯერებთ, ჩვენი სურვილების, ლტოლვების და, რაც ალბათ ყველაზე მთავარია, ჩვენი შემოქმედებითობის წარმმართველი ძალა ხდება.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG