აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 68%-ს სმენია პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. მათგან 78% ემხრობა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
"დამატებით, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი“ - წერია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის დოკუმენტში.
გამოკითხვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში კენჭისყრამდე, 2019 წლის 11 სექტემბრიდან14 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM).
კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით წარმომადგენლობითი პრინციპის გამოყენებით შერჩეულ 1500 რესპოდენტთან, მათ საცხოვრებელ სახლებში, „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენლის კოორდინირებით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით.
პროპორციული არჩევნების დაპირება
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას და სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად დათანხმდა; მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანისვილმა აქტივისტების ერთერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა პირადად დადო.
პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 14 ნოემბერს წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ჩავარდა. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. 17 ნოემბერს მათ პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს; 18 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელების პიკეტი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
*ინფორმაცია განახლებულია დაზუსტების მიზნით.