პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობაში არ შეუშვეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე. მას დახვდნენ შეძახილებით: „მონა“ და „წადი“.
„არ მომცეს შესვლის საშუალება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. დღეს მოვედი სამსახურში, ჩემი სამსახურია აქ . სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა“, - უთხრა ჟურნალისტებს რევაზე არველაძემ.
მისი თქმით, თავად მხარი დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რადგან გადაწყვეტილება გუნდის მიერ იყო მიღებული. რევაზ არველაძის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ და შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ ძალისმიერი მეთოდებით მიაღწიონ რაღაცას, რაც არასწორია.
მედიის შეკითხვას, რას აპირებს თუ პარლამენტში არ შეუშვებენ, რევაზ არველაძემ უპასუხა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია, წავა და ლექციებს წაიკითხავს.
სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 15 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.