14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილება არ ჩავარდნილა, არამედ მან ვერ მოიპოვა უფლება, რომ ამ მოწვევის პარლამენტს სამივე მოსმენით განეხილა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აღნიშნა.
გოგორიშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილად ჩაითვლებოდა, მას რომ მიეღო 99 ხმა (ორ მესამედზე ნაკლები). იმ მოცემულობით კი, რაც 14 ნოემბრის კენჭისყრამ შექმნა, მეორე მოსმენის გამართვა შესაძლებელია, თუმცა ის მაინც ფორმალური იქნება, რადგან პირველ მოსმენაზე მიღებული ხმების რაოდენობა კანონპროექტს აღარ უტოვებს შანსს, რომ ამავე მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციული არჩევნების შესახებ 2020 წლამდე ვერ შევა ძალაში.
„მეორე მოსმენის გამართვა შესაძლებელია, მაგრამ შედეგი არ ექნება. საკონსტიტუციო ცვლილებებმა 150 დეპუტატის ხმაც რომ მიიღოს მეორე მოსმენაზე, მაინც არ ექნება შედეგი. მაინც გაჩერდება პროცესი და დაელოდება ახალ პარლამენტს მესამე მოსმენისთვის, რადგან გუშინ საკონსტიტუციო ცვლილება კი არ ჩავარდა, არამედ მან ვერ მოიპოვა უფლება, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილოს“, - განმარტავს გოგორიშვილი.
„კონსტიტუციით არის დათქმა, რომ თუ გინდა ერთი მოწვევის პარლამენტმა განიხილოს საკონსტიტუციო ცვლილება, მაშინ სამი მეოთხედის მხარდაჭერა გჭირდება (113 ხმა). თუ გაკმაყოფილებს, რომ ორი მოწვევის პარლამენტმა განიხილოს ცვლილება, მაშინ ორი მესამედის (100 ხმა) მხარდაჭერაც საკმარისია“, - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.