Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომძიებლებმა MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ახალი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნეს


ნიდერლანდის ხელმძღვანელობით მოქმედმა გუნდმა, რომელიც იძიებს 2014 წელს უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოგდების გარემოებებს, გამოაქვეყნა ახალი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გამომძიებელთა თანახმად, ჩანაწერები შეიცავს რუსეთის სამხედრო მეთაურების საუბრებს უკრაინელ სეპარატისტებთან და კრემლის წარმომადგენელთან. სატელეფონო ჩანაწერები 14 ნოემბერს გამოაქვეყნა „ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა“, რომელიც იძიებს რეის MH17-ის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. კატასტროფას 283 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ივნისში ნიდერლანდელმა გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ნიდერლანდში სასამართლო საქმე აღიძვრება რუსეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც, მათი თქმით, კავშირი აქვთ ინციდენტთან. როგორც ბრალდებების გამოცხადებისას განაცხადეს პროკურორებმა, მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არსებობდა პირდაპირი იერარქიული დაქვემდებარება რუსეთის ოფიციალურ პირებსა და უკრაინელ სეპარატისტებს შორის.

„მალაიზიის ავიახაზების“ MH17 2014 წლის 17 ივლისს რეისს ასრულებდა ამსტერდამსა და კუალა-ლუმპურს შორის, როცა აფეთქდა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. „ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის“ თანახმად, თვითმფრინავის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სარაკეტო სისტემა „ბუკი“, რომელიც რუსეთიდან მოხვდა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG