Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონი მორისონი: რომანი, როგორც სასტიკი წარსულის აჩრდილთა მონუმენტი


სალომე ასათიანის პოდკასტი

„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ტონი მორისონს - რამდენიმე თვის წინ, 5 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაცვლილ ჩვენი დროის უდიდეს მწერალს, პირველ აფრიკელ-ამერიკელ ქალ ავტორს, რომელიც ნობელის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ავტორს, რომელიც ერთნაირი ინტენსივობით ეკუთვნის როგორც ამერიკული მწერლობის ტრადიციას, ისე გლობალურ ლიტერატურას, რომლის ტექსტების კულტურული საფუძველი და სტილი სპეციფიკურად აფრიკულ-ამერიკულია - მაგრამ თან მძლავრად უნივერსალისტურ განზომილებასაც ატარებს.

მისი ლიტერატურის მრავალშრიანობის გამო, მორისონს ხშირად ადარებენ ხოლმე ჯოისს, ფოლკნერს, ვირჯინია ვულფს. მაგრამ მორისონის ლიტერატურული ხმა მაინც უნიკალური რჩება - უწინარესად იმ ეპიკური მასშტაბის გამო, რომლითაც იგი აღწერს მონობას, ტრავმას, დანაკარგს, სულიერებას, მახსოვრობას. და გადარჩენას, ყველაფრის მიუხედავად. „ვიცი, მომავალს ვერ შევცვლი - მაგრამ წარსულის შეცვლა შემიძლიაო“, ამბობდა მორისონი. და თავისი რომანებით ის წარსულს მართლაც ძირეულად „ცვლის“ - რადგან მასთან წარსული იმ ადამიანთა ხმებით თუ ცხოვრებით აღდგება ხოლმე, რომლებსაც წამყვანი კულტურა საუკუნეების განმავლობაში აქრობდა, შლიდა, აჩუმებდა, განდევნიდა, უხილავს ხდიდა. მათ შორის არიან შავკანიანი, მახინჯად გამოცხადებული, გარიყული და ცისფერ თვალებზე მეოცნებე პატარა გოგო, პეკოლა, რომანში „ყველაზე ცისფერი თვალი“, მილიონერების სასახლეში მომუშავე მსახურები რომანში „კუპრის საფრთხობელა“, ბავშვობაში ძალადობაგამოვლილი ქალები რომანში „სიყვარული“. და, რა თქმა უნდა, მისი სითე - წარსულში მონად ყოფილი ქალი, დედა, პულიცერის პრემიით დაჯილდოებული 1987 წლის რომანიდან „Beloved“/„საყვარელი“ - რომელიც ტონი მორისონის ლიტერატურული ბიოგრაფიის უპირობო მწვერვალად არის მიჩნეული.

„საყვარელი“ ტონი მორისონის მეხუთე რომანია და ის მწერალმა მეცხრამეტე საუკუნის გაზეთში წაკითხულ ნამდვილ ამბავს დააფუძნა. შემზარავ ამბავს მონობიდან გაქცეულ ქალზე, რომელსაც ყოფილმა მფლობელმა მიაგნო და რომელმაც შეპყრობას და თავისი შვილების მონობაში გაზრდას წარმოუდგენელი ნაბიჯი, შვილების მოკვლა არჩია.

რიშე რიჩარდსონი
რიშე რიჩარდსონი

„‘საყვარელი’ ისეთი მასშტაბის ტექსტია, რომლის მსგავსიც მანამდე არავის წაგვეკითხა. ეს არის მონობის ტრაგიკული ისტორიისთვის აღმართული გიგანტური მონუმენტი, თანაც საზოგადოებაში, რომელსაც კვლავაც ვერ უპოვია ამ ტრავმასთან გამკლავების გზები“, - გვეუბნება „ასათიანის კუთხის“ სტუმარი, კორნელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტონი მორისონის მემკვიდრეობის მკვლევარი, რიშე რიჩარდსონი და განაგრძობს: „ცხადია, ფორმალური გაგებით ‘საყვარელი’ რომანია, მაგრამ ეს ტექსტი უდიდესი, უპრეცედენტო ძალით გვაიძულებს კონფრონტაციას ძალიან ბნელ, ტრაგიკულ, სასტიკ წარსულთან. ასეთი ძალის ტექსტი ბევრი ნამდვილად არ მოიძებნება ლიტერატურის ისტორიაში“.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.


პოდკასტის ამ ეპიზოდში რომანზე „საყვარელი“ ბევრს ვილაპარაკებთ - თუმცა ასევე მოგიყვებით მორისონის სხვა ტექსტებზეც, როგორებიცაა „სულა“, „ყველაზე ცისფერი თვალი“ და „ქებათა ქება სოლომონისა“. ცხადია, ნაწყვეტებსაც წავიკითხავთ ამ რომანებიდან. ვილაპარაკებთ ტონი მორისონის უნიკალურ სტილზე, მისი ლიტერატურის მკვებავ ტრადიციებზე, მისი ტექსტების იმ მასშტაბზე, რომელიც შესაძლებელს ხდის შემზარავი და სასტიკი წარსული რომანების ფურცლებზე დაკნინების, ტრივიალიზაციის, „მოთვინიერების“ გარეშე აისახოს.

და აუცილებლად ვილაპარაკებთ ტონი მორისონის მთავარ ტრიუმფზეც - კონკრეტული გამოცდილების და ისტორიის უნივერსალურად გადაქცევის უნარზე. რადგან მორისონთან აფრიკელ-ამერიკელთა ტანჯვის და გადარჩენის ხედვა გადაიზრდება ხედვაში, რომელიც მთელ კაცობრიობას მოიცავს. ყველას, ვინც ისტორიიდან წაშალეს, განდევნეს, გააჩუმეს, გაანადგურეს. ყველას, ვისაც ახლაც ჩაგრავენ და ვინც არასოდეს უნდა დაკარგოს საბოლოო გადარჩენის იმედი, რაოდენ შეუძლებელიც უნდა ჩანდეს ეს.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG