უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ 21 საუკუნეა და დადგა დრო, როცა ცვლილებები მენეჯმენტშიც უნდა განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მან განაცხადა, რომ დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსების კი არა ლიდერების დროა და მენეჯმენტი საჯარო მმართველობაში, მათ შორის სასამართლოშიც სხვანაირად უნდა მოეწყოს:
„რაც შეეხება თვითონ მოსამართლეებს, კონსტიტუციით და ყველანაირი კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი მოსამართლის დამოუკიდებლობა და ზოგადად აზრობრივადაც მიუღებელია, რომ იგი ვინმეზე -ზემდგომი ან ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეზე იყოს დამოკიდებული, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლის, თათული თოდუას კითხვის პასუხად.
თათული თოდუა დაინტერესდა, რა გამოწვევების წინაშე დგას სასამართლო შიდა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით? ალექსანდრე წულაძის შეფასებით, სასამართლო მენეჯერების ინსტიტუტი უფრო მეტად დამოუკიდებელი უნდა გახდეს სასამართლოს თავმჯდომარისგან.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, იურისტ ალექსანდრე წულაძეს. მას მოსამართლედ არასდროს უმუშავია.
2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ალექსანდრე წულაძე იურიდიული კომპანიის, CLL Law Firm-ის პარტნიორია. 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობდა ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტს, ხოლო შემდეგ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
2012-2015 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლად. 2011 წელს ასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უფროსის მოვალეობას. 2008-2009 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საადვოკატო ბიუროს, „გაბუნია და პარტნიორები“-ს იურისტი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.