Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძის თქმით, გეი წყვილის სიყვარულზე ფილმი ქართული ფასეულობების დაკნინების მცდელობაა


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების შესახებ.

„უახლოეს მომავალში ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა არის ჩვენს საზოგადოებაში. ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს ალბათ გახდება მიზეზი, ეკლესიაზე კიდევ ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ მე, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში. პრესკონფერენციაზე მან დახმარებისთვის საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა და ამ თემაზე მკაფიო აზრის გამოხატვისკენ მოუწოდა.

როგორც სანდრო ბრეგაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული მარში“ 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ იქნება მობილიზებული.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.

XS
SM
MD
LG