Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საზიანოდ Porsche Macan S-ს ყიდვას ედავება


საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის წარდგენილი ახალი ბრალდების შესახებ.

პროკურატურის ცნობით, 2019 წლის თებერვალში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porsche Macan S.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მისი შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ ნდობით აღჭურვილი პირის - ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილს შეიძენდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ.

პროკურატურა, ასევე მიუთითებს, რომ „ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, კომპანიას დამატებით შესთავაზა, როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით“.

პროკურატურის ცნობით, შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა Porche Macan S-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა.

„იმავე დღეს, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს - შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა „რუსთავი 2“-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას“, - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო ორგანოში მიიჩნევენ, რომ ამ ქმედებებით ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, „ფაქტობრივ საკუთრებაში“ მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი - Porche Macan S, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ნიკა გვარამია წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და პროკურატურას დანაშაულებრივი ორგანიზაციად აფასებს.

გვარამია ამბობს, რომ პროკურორებს ასეთი შეკითხვით მიმართა: „პრემიის სახით, რომ დამეტოვებინა მანქანა, ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვებოდნენ მერე, დანაშაულის შემადგენლობა ხო არ დგებოდა, მათი სტანდარტითაც კი. ამაზე პასუხი არ არის".

XS
SM
MD
LG