Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: მანქანა განვადებით მქონდა აღებული, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ვიხდი ჯარიმას


ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ავტომანქანა, რომელსაც საქმე უკავშირდება, მისმა ცოლმა იყიდა, თუმცა არც კი დაუკითხავთ. პროკურატურას ამ საქმეზე არც ნიკა გვარამია დაუკითხავს.

„პროკურატურას ჩვევაში აქვს უკვე, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. იქნებ განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს, ან ვაღიარებ ბრალს“, - თქვა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გვარამიამ.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, ნიკა გვარამიამ შემდეგი რამ თქვა: „მანქანა განვადებით მქონდა აღებული, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ვიხდი ჯარიმას. ეს არის მთელი ისტორია“.

გვარამია ამბობს, რომ პროკურორებს ასეთი შეკითხვით მიმართა: „პრემიის სახით, რომ დამეტოვებინა მანქანა, ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვებოდნენ მერე, დანაშაულის შემადგენლობა ხო არ დგებოდა, მათი სტანდარტითაც კი. ამაზე პასუხი არ არის".

გვარამია საქართველოს პროკურატურას დანაშაულებრივი ორგანიზაციად მიიჩნევს.

„ჩემი დაკავება იქნება ჩემი დროებით განეიტრალება, მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად უფრო ახლოს გადმოიწევს. მე ეს მაწყობს, პირდაპირ, რომ გითხრათ. ჩემი მთავარი მისია არის ამ ქვეყნიდან ივანიშვილის წასვლა, ან ციხეში მოხვედრა“, - ამბობს გვარამია.

გვარამიას თქმით, მისთვის წარდგენილი ბრალდებები „რუსთავი 2“-ის გაკოტრებისთვის ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის, რის შემდეგაც სამაუწყებლო კომპანიას დახურავენ.

„ეს კომპანია უკვე იხურებოდა, მისი დაქირავებული ვითომ მრჩეველი ყადაღით გააჩერეს“, - აღნიშნა გვარამიამ. მისი თქმით, მოვა დრო, როცა მფლობელი დაიბრუნებს „რუსთავი 2"-ს და იქ იქნებიან, იმუშავებენ, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად ღირსია და არა ისინი, ვინც მუშაობს.

„მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი ტელევიზია მაქვს, „რუსთავი 2“-ს თავისი მოდავეები ჰყავს. იფიქრონ იმათ, ვინც ყველაფერი გაყიდა „რუსთავი 2“-ის გამო, სინდისის ჩათვლით", - ამბობს გვარამია.

პროკურატურის განცხადებით, „2019 წლის 27 თებერვალს, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა „Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს „პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად".

XS
SM
MD
LG