Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადის ხეობაში მოკლული რაიან სმითის დედა მალხაზ კობაურს დანაშაულს პატიობს


რაიან ლორა და ქელები სმითების მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს რაიან სმიტის დედა ჩადენილ დანაშაულს პატიობს. მალხაზ კობაურისადმი მიმართულ ვრცელ წერილში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, ევანგელინა ლინ ბონსალ სმითი წერს:

რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის მკვლელობა, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას მკვლელობა და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობა. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ, რომ გვჯეროდეს ღმერთის და გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენს გულებში ამ უზარმაზარ სიცარიელეს ამოავსებს და შეგვაძლებინებს ცხოვრების გაგრძელებას ჩვენი ტკივილითა და დანაკარგით“, - რაიან სმითის დედის წერილში აღნიშნულია ისიც, რომ მოკლული ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს, ან სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ:

„ჩვენი ოჯახი ითხოვს სიმართლისა და სამართლიანობის აღსრულებას შენს მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და უდანაშაულო ოჯახის მკვლელობის დანაშაულზე. მე მოვითხოვ, რომ შენ 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, დროზე ადრე გამოშვებისა და სასჯელის შემსუბუქების გარეშე, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა. ისე, როგორც მოკალი ჩვენი არაჩვეულებრივი რაიანი, ჩვენი ტკბილი, ყურადღებიანი რძალი ლორა და უძვირფასესი 4 წლის შვილიშვილი ქელები“, - ნათქვამია წერილში.

რაიან სმითის დედამ შვილის, რძლისა და შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს წერილი 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გაუგზავნა. წერილი 6 გვერდისგან შედგება, იგი მსჯავრდებულმა კობაურმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ კომენტარში განაცხადა, რომ მალხაზ კობაური წერილს გულისყურით გაეცნო და სურვილი გამოთქვა, შეხვდეს და პირადად დაელაპარაკოს რაიანს სმითის ოჯახის წევრებს.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. შსს-მ ბრალდებულის დაკავების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

მალხაზ კობაური 2019 წლის 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს 27 მარტს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG