Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე: ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ


ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ - ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დაწყების შესაძლებლობაზე განცხადება გენერალურმა პროკურორმა უკვე გააკეთა.

„ძალიან მოკლედ გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და ვფიქრობ, მთელი საქართველო. ვერ წარმომიდგენია, ეს თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე, მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მანვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად აქვს კომუნიკაცია მეუფე იაკობთან და რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ამგვარ განცხადებებს.

„ეს ჰკითხეთ მეუფე იაკობს. დანაშაულებრივი თუ რაღაც გამოვლინდება მისი საუბრიდან, პროკურორი გადაწყვეტს, გამოძიება დაიწყოს თუ არ დაიწყოს, მე რა ვთქვა ახლა - ან დაიწყოს, ან არ დაიწყოს? ის თემა, რომ დამასახელა, არ ვიცი, დაასახელა ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი და მე და არ ვიცი, რატომ დაგვასახელა. კომუნიკაცია როგორ არ მაქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და როგორ არ ვიცნობ არა მარტო იაკობს, არამედ ბევრ მეუფეს და ტრაპეზი იყო თუ დღესასწაული, ბევრჯერ შევხვედრილვართ“, - განაცხადა შს მინისტრმა.

მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

განცხადების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა.

მეუფე იაკობის განცხადებაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

XS
SM
MD
LG