პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
როგორც დეკანოზი ამბობს, სხდომას მთავარეპისკოპოსი იაკობი დაესწრება.
„წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ძალიან გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით კითხვებს ნუ დასვამთ. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად“, - ამბობს დეკნოზი მიქაელ ბოტკოველი.
პატრიარქის მდივანმა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებთან საუბრის დაწყებისას აღნიშნა, რომ პატრიარქის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მინდა, ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს და მეგობრულად გირჩიოთ, რომ, სანამ არ გექნებათ დაზუსტებული პოზიცია, წინდაწინ ნუ გააკეთებთ მკვეთრ განცხადებებს. ისედაც საზოგადოება დაძაბულია, საზოგადოება ელოდება ეკლესიისგან განმარტებების გაკეთებას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ აზრებს ნუ მოვუყვებით ქართულ საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგადოებას და კიდევ უფრო იწვევს მათ დამუხტვას უარყოფითად“, - აღნიშნა ბოტკოველმა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.
განცხადების შემდეგ მთავარეპისკოპოსი იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.