თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 700-700 ათასი ლარის ოდენობის, ხოლო ავთანდილ წერეთლისთვის 500 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გაუქმებას ითვალისწინებდა.
სასამართლომ ძალაში დატოვა ასევე დამატებითი ღონისძიება, რომლითაც ბრალდებულებს ეკრძალებათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვება. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას.