ტრანგენდერი კაცისთვის, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე უარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრი“ მიმართავენ.
მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად მიიჩნევს. 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით, მისი სამედიცინო დიაგნოზია "ტრანსსექსუალიზმი". ამჟამად ნიკოლო ღვინიაშვილის მეორეადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან.
ნიკოლო ღვინიაშვილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლას 2015 წლიდან ითხოვს. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების უარი მან ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა მისი მოთხოვნა არც სასამართლოს გზით დაკმაყოფილდა.
როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" განმარტავენ, ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ნიკოლო ღვინიაშვილი დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს. ამასთან ადმინისტრაციული ორგანოები და ეროვნული სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პროცედურადაა მიჩნეული.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აღნიშნავენ, რომ სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომაც, 2017 წელს, საფრანგეთის წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ნიკოლო ღვინიაშვილი ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.