Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს


გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შალვა კაკაურიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა კასპში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, - ცნობას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პროკურატურა 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით, ისინი გორის რაიონული სასამართლოს განჩინებას თბილისის სააპელაციო სასამართლში 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

გამოძიების ცნობით, შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული 16 წლის დედა, ორსულობის დროს 15 წლის იყო, მისი ქმარი კი - სრულწლოვანი.

26 სექტემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნო შვილის მკვლელობაში და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. არასრულწლოვან დედას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

XS
SM
MD
LG