ბათუმის ნავსადგურში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.
ხომალდზე, რომლის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი, იმყოფება 39 ოფიცერი და 282-წევრიანი პერსონალი.
ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას გააღრმავებენ.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.
Porter-ი საქართველოში 2015 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. გემის ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს სანაპირო დაცვის დანაყოფებმა ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გემის რიგით მეორე ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზღვაო სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას.
Porter-ი ესპანეთის ასეულის შემადგენლობაშია და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს მრავალმხრივ მისიებში, რითიც ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ევროპაში ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.
აშშ-ის მე-6 ფლოტი, რომლის მთავარი ოფისი ნეაპოლშია, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს.