ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ.
როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, ის დღეს შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.