Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მეუღლე 30 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს


შემთხვევის ადგილი ხაშურში
შემთხვევის ადგილი ხაშურში

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და ის
მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიების თანახმად:

  • "ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"
  • "ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა";
  • "პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა".

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 11 ოქტომბერს, დღის 12 საათის შემდეგ, ირაკლი დეკანოიძე მივიდა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ნათია გოგალაძეს თამარ მეფის ქუჩაზე ჰქონდა გახსნილი. იმ დროს ქალი სამსახურში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა და შემდეგ - ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლა.

ნათია გოგალაძე გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასურსათო მაღაზიისკენ გაიქცა, მაგრამ კიბეებთან მას ყოფილი ქმარი დაეწია და თავში მრავალგზის ჩაარტყა იარაღის კონდახი. ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისას უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ის მალევე გარდაიცვალა ხაშურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში.

ნათია გოგალაძეს მეოთხე კლასელი ვაჟი და მეექვსე კლასელი გოგო ჰყავს. შემთხვევის დროს ბავშვები სკოლაში იყვნენ.

რადიო თავისუფლებას წყაროები უდასტურებენ, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურად ჯერ ისევ არ იყვნენ განქორწინებული. 11 ოქტომბერს, 16 საათზე, გოგალაძისა და დეკანოიძის განქორწინების ბოლო სასამართლო სხდომა იყო დანიშნული. განქორწინების პროცედურები ნათია გოგალაძემ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

შს სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს „ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების“ მიხედვით.

XS
SM
MD
LG