Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროსახელისუფლებო FB გვერდზე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გადაღებული ფოტო


პროსახელისუფლებო ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ ფოტოს, რომელიც, სავარაუდოდ, პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელმა გადაიღო.

9 ოქტომბერს "ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის" ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენელ ედუარდ მარიკაშვილს. ამავე ფოტოზე ჩამატებულია კოალიციის სპიკერის, გიორგი მშვენიერაძის ფოტო, რომლის ორგანიზიაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წევრია ედუარდ მარიკაშვილი.


"ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა" 2013 წელს შექმნილი ფეისბუკ გვერდია, რომლის პოსტები პროსახელისუფლებო და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო რიტორიკას ატარებს. ასევე, ეს გვერდი თბილისში თვეების განმავლობაში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ბრალს სდებდა პროვოკაციების მოწყობასა და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობაში.

პოსტი არასამთავრობო ორგანიზაციების - რომლებიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ - დისკრედიტაციისა და მათი ოპოზიციურ პარტიასთან აფილირების მცდელობაა.

ფოტოზე აღბეჭდილი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გვერდზე იჯდა და ამ კუთხიდან ფოტოს გადაღება შეეძლო გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელი ნინო კოტარიაა. ამის მტკიცებულებად მარიკაშვილი ფეისბუკზე ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც სავარაუდოდ ჩანს, როგორც იღებს კოტარია ფოტოს მარიკაშვილისა და ბოკუჩავას საუბრის დროს.

"ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფბ-ზე დეზინფორმაციის, NGO-ების და პოლიტიკური ოპონენტების შავ პიარზე მომუშავე ფეიქ გვერდებთან. ამ შემთხვევაში ვფიქრობ პროკურატურასთან ასოცირებული პირები არიან პირდაპირი წყარო მათთვის", - წერს მარიკაშვილი და ამატებს: "კამერა სულ სამი წამი მობრუნდა ჩვენსკენ და ზუსტად ფოტოს გადაღების მომენტს დაემთხვა. ამან უნდა თქვას ბედი არ მაქვსო".

ნინო კოტარია რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ ედუარდ მარიკაშვილის გვერდით ნამდვილად იჯდა, თუმცა ამბობს, რომ ვიდეოებს იღებდა.

"ჩავაგდე მეგობრების დახურულ ფეისბუკ ჯგუფში. დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფია. მერე იქედან ვის რა შეხება აქვს, არ ვიცი", - ამბობს კოტარია და ამატებს: "ჯერ არ გავრცელებულა ვიდეოები?"

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG