“ყველა კრიტიკულ მედიას, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღუძრეს საქმეები. ეს ხდება იმიტომ რომ ადამიანებს თავისუფლებაზე ევაჭრონ, - განცხადება „TV პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე.
ვატო წერეთელის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და თავისუფალი სიტყვის დასაცავად მზად არიან წავიდნენ საპატიმროშიც.
„არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.
მისითქმით, რაზეც არ უნდა წავიდეს ვაჭრობა ის და მისი ოჯახი არ შეიცვლის პოზიციას და ტელევიზია იქნება არსებული სახით დღესაც, ხვალაც და ზეგაც.
ვატო წერეთლის მამა ავთო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ასევე ბრალდებულია ფულის გათეთრების საქმეში, მისი სიტყვებით, ეს პროცესი 2020 წლის არჩევნები წინ მედიაზე ზეწოლის მიზანს ემსახურება. თუმცა TV პირველი მიუკერძოებლობას შეინარჩუნებს.
„ეს ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის. ის ტელევიზიები, რომლებიც მთავრობას არ ემორჩილებიან, არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს, ზოგიერთი პროფესორი რომ იძლევა დავალებებს… ეს არის იქითკენ მიმართული, რომ შეაშინონ ხალხი. ყველა ტელევიზიას ვინც არ ემორჩილება საქმე აღუძრეს. გინდ დაგვიჭირონ გინდ არა, ჩვენი ტელევიზია მიკერძოებული არასდროს იქნება, დარჩება ისეთი თავისუფალი როგორიც არის დღეს. ჩემი ოჯახი არ დაუშვებს იმას, რომ მამას დაიჭერენ თუ სხვას, ამით ამ ტელევიზიის გეგმები და მომავალი შეცვალონ”, – განაცხადა ვატო წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სასამართლო პროცესისი დაწყებამდე..
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს 11 საათზე დაიწყო წინასასამართლო სხდომა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთლის კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ისთვის „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.
ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.
ავთანდილ წერეთელს 500 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული