Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიდა.

ის იმედოვნებს, რომ ამჯერად ინიციატივა 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს.

„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ 6 მაისის შემდეგ, ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ, რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. მალხაზ მაჩალიკაშვილს, თემირლანის ოჯახს, საზოგადოებას, არ აქვთ კითხვებზე პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას, თუმცა შესაძლოა ასეთი დეპუტატებიც მოიძებნოს.

„აქამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, სამწუხაროდ, კოლექტიურ და მონურ მორჩილებას ვხედავდით, ძალიან მცირე გამონაკლისებით. გვახსოვს მარიამ ჯაში, რომელმაც ნიკა მელიას დაჭერას არ მისცა ხმა, ასევე, რომან კაკულია, შეიძლება ერთეულები გამოიძებნონ „ოცნებაში“, რომელთაც ესმით, რომ შვილმოკლულ მამას უნდა ჰქონდეს პასუხები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მაისში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პანკისის ხეობაში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდა.

XS
SM
MD
LG