Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივიან


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი სახეები არხის ახალ მენეჯმენტს სასამართლოში უჩივიან.

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურიდიული მხარდაჭერით - საკუთარ შრომით უფლებებზე იდავებენ და შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.

„ეს არის ბრძოლა ჩვენი და ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის, რომ ხვალ არცერთ ტელევიზიის ხელმძღვანელს არ გაუჩნდეს ცდუნება, რომ ერთ დღეს ნიუსრუმი დაცალოს იმის გამო, რომ არხზე არ იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა“, - ამბობს ნოდარ მელაძე.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, არხის სხვა სახეებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გაათავისუფლეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ ჟურნალისტები არ უნდა იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის.

სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან სხვა ჟურნალისტებიც. ნოდარ მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-დან საკუთარი სურვილით წამოსული ჟურნალისტების შრომითი უფლებები დაირღვა, რადგან მათ კუთვნილი ანაზღაურება დაუბლოკეს.

„სასამართლოს მოუწევს იმის თქმა, რომ პაატა სალია მატყუარაა და მე ვიქნები ძალიან ამაყი და ბედნიერი, რომ ამ განაჩენს სასამართლოდან მოვისმენ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ჩემი მოტივაცია“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„რუსთავი 2“-თან მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა. ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გადაფორმებიდან ერთ თვეში, „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის სახეები - ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია გაათავისუფლა. სალიამ განმარტა, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებულიო.

„რუსთავი 2“ დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმაც. „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილმა ახალი არხი „მთავარი“ დააფუძნა.

XS
SM
MD
LG