საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
როგორც მინისტრი ამბობს, სერგეი ლავროვს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივით გაერო-ს შტაბ-ბინაში შეხვდა.
„გუშინ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათი მხრიდან ინიცირებული იყო შესაძლებლობა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის. შეხვედრაზე გვემსჯელა საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „ბორდერიზაციასთან". შეხვედრა ორგანიზებული იქნებოდა შვეიცარიის მისიის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“, - ამბობს დავით ზალკალიანი.
მინისტრი ამბობს, რომ ლავროვთან შეხვედრამდე პარტნიორებთან კონსულტაციები გაიარა.
„რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან - ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან. გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან მიმართებაში“, - ამბობს დავით ზალკალიანი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე სხვადასხვა თემების შესახებაც ილაპარაკეს.
„მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოს პოზიციასთან და ამ თემაზე რუსეთის დამოკიდებულებასთან. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ“, - თქვა ზალკალიანმა.
მინისტრის საუბრის ვიდეოჩანაწერი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.