Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი არ არის, წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ თუ არა


“სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი ის კი არ არის, წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ თუ არა, არამედ ის, დღევანდელს. სტალინის კულტი რომ დაგმეს ხრუშჩოვის დროს, ჩადეს მიწაში სტალინი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში თავისუფლება იყო.” - თქვა გიგა ბოკერიამ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მირანდა ერემაძესთან გასაუბრებისას, რომელსაც პარლამენტარი სოფო კილაძე ეკითხებოდა, განიცდიდა თუ არა წინა ხელისუფლების დროს ზეწოლას, როგორც მოსამართლე გადაწყვეტილებების მიღებისას.

მირანდა ერემაძემ პარლამენტში მოსმენისას, თქვა, რომ 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში არსებობდა პრობლემები და სისტემაში მყოფი მოსამართლეები ამ თემებზე მაშინ ერთმანეთთან საუბრობდნენ, 2012 წლის შემდეგ კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, “იყო საშიშროება, რომ ხელისუფლების ცვლილებას ისევ მოყოლოდა მოსამართლეების გათავისუფლება, რაც იყო მანამდე არსებული ტრადიცია და ისტორია ჩვენი სასამართლო სისტემის.” მოსამართლის თქმით, მაშინ მოსამართლეებმა ერთიანი პოზიცია გამოხატეს და გადაწყვეტილება, "რაც მაშინ ხელისუფლებამ მიიღო, იყო ნამდვილად სწორი."

მირანდა ერემაძე უკვე მეოთხე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს და შოთა გეწაძეს.

მირანდა ერემაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.

ციტატები

XS
SM
MD
LG