საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემა აქციით გააპროტესტეს.
20 სექტემბერს სამოქალაქო აქტივისტები, აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ახიადოვის ექსტრადიცია დაგმეს.
"გადასცეს ქვეყანას, სადაც მე ახლა მაქვს შეგრძნება, რომ ამ წუთებშიც კი აწამებენ", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რადიო თავისუფლებასთან და აგრძელებს: "[რუსეთში] ჩეჩნებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან".
ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს 19 სექტემბერს გადასცა. რუსეთში ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესებში ხალხის მობილიზებას ედავებიან და მას ინტერპოლით ეძებდნენ.
რამზან ახიადოვი, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, ახიადოვი ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს სთხოვდა საქართველოს, თუმცა უარი მიიღო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ "ის ჩვენთან თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ასევე უწყობდა ხელს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას". წულუკიანის თქმით, საქართველომ რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება და არაადამიანური მოპყრობა და ამიტომ დათანხმდა მის ექსტრადიციას.