„ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება კანონის შესაბამისად“, - უპასუხეს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას კითხვაზე, ვინ არის დაბარებული პროკურატურაში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის გარდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.
გენერალურ პროკურატურაში არ საუბრობენ, დაიკითხება თუ არა დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტი ან მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.
გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.